მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა

მიიღონ რეზოლუცია ტერიტორიული მთლიანობის შესახებ - 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

ტაბულა

20 ივნისს, 19:00 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიგეგმა. 

სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა დასრულდეს რეზოლუციის მიღებით, რომლითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება მხარდაჭერილი. 

"ჩვენი ფიზიკური წინააღმდეგობის შედეგად მოუწია პარლამენტის შენობის დატოვება ამ ხალხს, მაგრამ ისინი რჩებიან საქართველოში, აგრძელებენ მუშაობას ამ ფორუმზე, ამიტომ ჩემი თხოვნაა, დღეს საღამოს 7 საათზე ვიკრიბებით ყველა საქართველოს პარლამენტთან, მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერთ მხარს, და ვითხოვთ ერთ რამეს. დასრულდეს ეს ასამბლეა რეზოლუციის მიღებით, რომელიც მხარს დაუჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩვენი მოთხოვნა, ეს არის საქართველოს ყველა მოქალაქის მოთხოვნა და ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს არ დაუკარგავს სამაჩაბლოს და აფხაზეთის ტერიტორიები, როგორც ბატონმა გავრილოვმა გამოაცხადა, მოდით დღეს ჩვენი ქვეყნის დასაცავად. რომ ამ ხალხმა დაინახოს, რომ ჩვენ აქ რამდენიმე გიჟი დეპუტატი კი არ ავედით დარბაზში და გავაპროტესტეთ ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა - არა, ქართველი ხალხი არ დაუშვებს ამას", - თქვა სალომე სამადაშვილმა. 

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა პარლამენტში აღარ გაგრძელდება და მისი მონაწილეები სხვა შენობაში გადაინაცვლებენ, თუმცა, უცნობია, სად გაგრძელდება ასამბლეის სხდომა. 

სხდომის ჩაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების საშუალება არ მისცეს.

ამას კი წინ სიტყვიერი დაპირისპირებები უძღოდა. 

ოპოზიციის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის მაგიდასთან ასვლამ და სერგეი გავრილოვისთის ხელის შეშლამ ემზარ კვიციანის ბრაზი გამოიწვია. ის დარბაზიდან მანდატურებმა დაიყვანეს. 

ინციდენტს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ევროპული საქართველოს წევრ აკაკი ბობოხიძესა და პატრიოტთა ალიანსის წევრს, ადა მარშანიას შორის. 

პარალელურად, პარლამენტის შენობაში იმყოფებიან მოქალაქეებიც, რომლებიც ასევე აპროტესტებენ რუსი დეპუტატის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ყოფნას. 

მოქალაქეები პროტესტის ნიშნად შეკრებილები არიან პარლამენტის შენობასთანაც.

ქართული ოცნების წევრებმა, თამარ ჩუგოშვილმა, არჩილ თალაკვაძემ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა დაგმეს. მამუკა მდინარაძემ კი თქვა, რომ მოულნელი იყო, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოისურვებდა. 

თუმცა, გუშინ 19 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გავრილოვს პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს. 

გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია. 

"ორგანიზატორებს, რომლებმაც დაუშვეს ის, რომ გავრილოვი დამჯდარიყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, პასუხი მოეთხოვება". 

სერგეი გავრილოვი რუსეთის დუმის დეპუტატია, რომელიც აქტიურად გამოდის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის, სხვადასხვა ეკლესიების მიერ, აღიარების საწინააღმდეგო კამპანიის ერთერთ მედროშედ. უდიდესი ალბათობით, მისი თბილისში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანიც უკრაინის საწინააღმდეგოდ ლობირებაა. 2015 წელს მიცემულ ინტერვიუში იგი ღიად საუბრობს იმაზე, რომ რუსეთმა საკუთარი გავლენის საქართველოში აღსადგენად, ფოკუსირება სწორედ საეკლესიო თემატიკის მანიპულაციით უნდა მოახდინოს, რაც პირდაპირ უკავშირდება გუშინდელ მოვლენებს. იგი ასევე მონაწილეობდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი გენერალ ალექსანდრ ლებედის საარჩევნო კამპანიაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა.

კომენტარები