ომანის ყურე

აშშ-ის ფლოტი ომანის ყურეში ტანკერებზე თავდასხმაზე: ნაღმები ირანულს ჰგავს

Reuters

აშშ-ის ფლოტმა წარადგინა ნაღმის ფრაგმენტები, რომლებიც, მათი თქმით ირანულს ჰგავს. მათი განცხადების მიხედვით ჭურვის ნაწილები ომანის ყურეში მოძრავი ტანკერებიდან ამოიღეს, რომლებზეც გასულ კვირას აფეთქება მოხდა.

"ნაღმი, რომელიც თავდასხმისას გამოიყენეს ძალიან ჰგავს ირანულ ნაღმებს, რომლებიც ირანში სამხედრო აღლუმისას გამოფინეს. დაზიანება და აფეთქების შედეგად გაჩენილი ხვრელი შეესაბამება მაგნიტური ნაღმის მოქმედების პრინციპს, ის არ ჰგავს ტორპედოს მიერ გამოწვეულ დაზიანებას." თქვა ფლოტის მეთაურმა შონ კიდომ.

მანამდე მათ გაავრცელეს ფოტოები, რომლებზეც ასახულია, თუ როგორ აიღებენ ირანის რევოლუციური გვარდიის წარმომადგენლები ერთ-ერთი ტანკერიდან ჭურვს, რომელიც არ აფეთქდა.

თეირანი მომხდარში რაიმე მონაწილეობას კვლავ უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ ომანის ყურეში ორ ნავთობტანკერზე აფეთქება მოხდა. ხომალდები არ ჩაძირულა.

ირანის თქმით გემ Kokuka Courageous-დან ეკიპაჟის 21 წევრი გადაარჩინეს, ხოლო გემ Front Altair-დან 23. აშშ-ის საზღვაო ძალების თქმით რამდენიმე მეზღვაური მათმა ხომალდებმაც გადაარჩინეს.

Front Altair ნორვეგიული გემია. მფლობელების თქმით გემზე თავდასხმა მოხდა, რასაც სამი აფეთქება მოჰყვა. დაუდასტურებელი ინფორმაციით ტანკერს ტორპედო მოხვდა.

Kokuka Courageous პანამის დროშის ქვეშ ცურავდა. მას მეთანოლი გადაჰქონდა.

მიმდინარე წელს ეს ომანის ყურეში მცურავ ტანკერებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა.

მაისის დასაწყისში ომანის ყურეში ოთხი ნავთობტანკერი დააზიანეს. ინციდენტის გამოსაძიებლად სამხედრო ექსპერტები გაიგზავნენ, რომლებმაც ტანკერების კორპუსში მოზრდილი ხვრელები აღმოაჩინეს, რომლებიც, მათი თქმით ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონაციის შედეგად გაჩნდა.

ტაზიანებული ტანკერებიდან ორი საუდის არაბეთის, ერთი არაბთა გაერთიანებული საამიროების, ხოლო ერთი ნორვეგიის დროშის ქვეშ დაცურავდა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საუდის არაბეთის თქმით მათ ხომალდებს სერიოზული ზიანი მიადგა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ ომანის ყურეში ნავთობტანკერები ირანულმა ჭურვებმა დააზიანა. ბოლტონს კონკრეტული მტკიცებულებები არ მოუყვანია.

ინციდენტი აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობის დაძაბვას მოჰყვა, რაც რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ნავთობის ფასებზეც აისახა.

კომენტარები