მაგთიფიქსი

მაგთიფიქსის აბონენტებს მომსახურება აღარ შეუწყდებათ, GNCC-მა მაგთის ლიცენზიის ვადა გაუგრძელა

mjquinn.co.uk

17 ივნისიდან, "მაგთი ფიქსის" აბონენტებს მომსახურება აღარ შეეზღუდებათ. კომუნიკაციების კომისიამ შპს "მაგთიკომს“ CDMA ლიცენზიის ვადა 10 წლით გაუგრძელა.

"მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და შეუზღუდავი სატელეფონო კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიამ "მაგთიკომს“ მათთვის მისაღები პირობები შესთავაზა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანია „მაგთიკომს“ CDMA ლიცენზია სპეციალური ვალდებულებებით გაუგრძელდა. კომისიამ მაგთიკომს ორწლიანი ვადა მისცა, იმისთვის, რომ ამ პერიოდში, მაგთი ფიქსის სერვისის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლებს ალტერნატიული მომსახურება შესთავაზოს" - აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

განცხადება გაავრცელა მაგთიკომმაც. მათი ცნობით, მაგთი ფიქსის მომსახურება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და მომხმარებლები შეუფერხებლად შეძლებენ სერვისით სარგებლობას.

"მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, მაგთიკომისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, გაგრძელდა მაგთი ფიქსის ლიცენზიის მოქმედების ვადა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მომხმარებლები ისევ ისარგებლებენ მაგთი ფიქსის მომსახურებით" - აცხადებს კომპანია.

ლიცენზიის მოქმედების ამოწურვის გამო, მაგთიკომი მაგთიფიქსის მომსახურების შეწყვეტას აპირებდა. მათი თქმით, მაგთი ფიქსის ტექნოლოგია მოძველებულია და ბოლო ხანებში სერვისის მომხმარებელი მნიშნელოვნად შემცირდა. მათ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მოუწოდა, გაეხანგრძლივებინა ლიცენზია და 111 430 მომხმარებელი მომსახურების გარეშე არ დაეტოვებინა.

კომენტარები