თბილისი პრაიდის მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორიას ტოვებენ

ტაბულა

თბილისი პრაიდის მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორიას ტოვებენ

ლგბტ სიამაყის კვირეულის ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის თქმით, აქცია დაიშლებოდა, თუ პოლიცია მათ უსაფრთხოების კორდონს გაუკეთებდა. 

ასევე, თაბაგარმა თქვა, რომ ორშაბათიდან დაუბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდას და ვიზრუნებთ უსაფრთხოების იმ ზომებზე, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს.  

"ის, რაც ხდებდა მეორე მხარეს, უნდა იყოს გაკვეთილი ხელისუფლებისთვის. არ არის ნორმალური, რომ ჩვენზე ასე ძალადობენ ადამიანები. ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი უსაფრთხოება იქნება დაცული, მაგრამ ხელისუფლებამ ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს", - თქვა თაბაგარმა. 

ლგბტ პრაიდის ორგანიზატორებმა და მათი მხარდამჭერების ნაწილმა უარი თქვა, ტერიტორია ყვითელი ავტობუსებით დაეტოვებინათ რომელიც, პოლიციამ მათი უსაფრთხოებისთვის მოიყვანა, ისევე, როგორც ეს წინა აქციებზე ხდებოდა და მიმდებარე ქუჩებისკენ ფეხით გაემართნენ. 

პარალელურად, პოლიციამ დააკავა მოძალადეთა ჯგუფების 7 წევრი. ისინი ლგბტ პრაიდის ორგანიზატორების და მათი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელ და აგრესიულ შეძახილებს აკეთებდნენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი ტერიტორიიდან მიკრო-ავტობუსით გაიყვანეს.


ფოტო: ტაბულა


ფოტო: ტაბულა

მთავრობის კანცელარიის კიბეებთან თბილისი პრაიდის ორგანიზატორების და მხარდამჭერთა აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ისინი კონტრაქციის მონაწილეებისგან პოლიციის კორდონით იყვნენ გამოყოფილი. 

აქციის ჩატარება ლგბტ ორგანიზაციის წევრებმა საპატრიარქოს განცხადების შემდეგ გადაწყვიტეს. საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა, ლგბტ პრაიდის კვირეულის ჩატარება არ დაუშვას. ამის შემდეგ, 19:00-ზე თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა დააანონსეს აქცია "სად ხარ, სახელმწიფოვ". ადგილზე მისულ აქტივისტებს კი კანცელარიასთან მოძალადეთა ჯგუფები დახვდათ.

ამის შემდეგ, პოლიციამ თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი "განარიდა" და ტერიტორიიდან ძალით გაიყვანა. სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს და მთავრობის კანცელარიასთან თბილისი პრაიდის მხარდამჭერები აღარ შეუშვეს. "უსაფრთხოების მიზნით", LGBT პრაიდის კვირეულის აქტივისტებს კიბეებთან უწევთ აქციის ჩატარება. 

აქციაზე კონტრაქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. 

კომენტარები