სიძულვილის ენა

კობახიძე სიძულვილის ენის რეგულირებაზე: შევეცდებით, კანონპროექტის განხილვა დავაჩქაროთ

პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, "სიძულვილის ენის პრობლემა აქტუალური საკითხია, ამ თემაზე ჩვენ გვექნება მსჯელობა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფორმატშიც, საარჩევნო კუთხით". ირაკლი კობახიძემ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ინიციატივას "ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური" უწოდა. კახა ბექაურის თქმით, მედიაში სიძულვილის ენის გამოყენებაზე რეგულაციები უნდა დაწესდეს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და წამყვან კომიტეტში განიხილება. საუბარია მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელიც, მისი თქმით, საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, 2019 წლის 1 ივლისამდე უნდა მიიღოს. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვას ითვალისწინებს.

"გეთანხმებით, რომ კანონპროექტი თვეების განმავლობაში გაჩერებული იყო. ჩვენ ზომებს მივიღებთ, რომ ამ კანონპროექტის განხილვა დაჩქარდეს და გვექნება ფართო კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან ანუ ვადასტურებ, რომ კახა ბექაურის მიერ გაჟღერებული ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი, აქტუალური და დროულად არის გადაწყვეტილება მისაღები ამ მიმართულებით.

რატომ არის კანონპროექტი შეჩერებული, ვერ გეტყვით, ვერ გეტყვით, წამყვან კომიტეტში ჯერ არ განხილულა. მიზეზებსაც მოვიძიებთ და შევეცდებით, რომ ამ საკითხის განხილვა დავაჩქაროთ.

რა თქმა უნდა, სიძულვილის ენაც, სამწუხაროდ, გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ამოცანა ზუსტად ის არის, რომ ჩვენ საუკეთესო ბალანსი მოვძებნოთ ადამიანის სურვილს შორის, სიძულვილით ილაპარაკოს და მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას შორის. ეს არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ სიძულვილის ენა პრობლემაა ქართულ მედიასა და საზოგადოებაში.

"როდესაც გამოხატვის თავისუფლებას ეხები, რა თქმა უნდა, არის განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. თუმცა, სიძულვილის ენა ის საკითხია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება, შეიზღუდოს კიდეც გამოხატვის თავისუფლება. მთავარია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოქცეული იყოს ლეგიტიმურ ჩარჩოებში“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ ცილისწამებისა და სიძულვილის ენის შესახებ კანონზე სალომე ზურაბიშვილმა პირველად საახალწლო მილოცვისას ისაუბრა. მისი თქმით, "ყველა გამოცდას თან ახლავს ცხოვრებისეული გაკვეთილი. იმისათვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას დაადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც, ისე, როგორც ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. ასევე, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციებისა და დეზინფორმაციისაგან, რათა საზოგადოებამ დაიბრუნოს სიმშვიდე და საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას".

ამის შემდეგ, ცილისწამებაზე საშობაო ეპისტოლეში ისაუბრა საქართველოს პატრიარქმა. მისი თქმით, "არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისაც". ილია მეორის აზრით, სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, "მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა". პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში წერია, რომ "დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, - გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, - ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს". 

საქართველოს პატრიარქს ამ თემაზე ყურადღების გამახვილებისთვის მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, "სიტყვით ძალადობა", ცილისწამება, სიცრუე და ბილწსიტყვაობა ძალიან სერიოზული პრობლემაა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ "ჩვენ ბუნებრივია უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე, ბილწსიტყვაობის, შეურაცხყოფის, ცილისწამების პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ რაიმე ზომების მიღებაა შესაძლებელი, ეს ზომები უნდა მივიღოთ".

კომენტარები