გერგეტის სამება

ძეგლთა დაცვა: პარკინგის მოწყობა შეთანხმებული არ იყო, თუმცა, ვიზუალური აღქმის ზონა არ ზიანდება

ანზორ მეხრიშვილი / fb.com/AnzorMekhrishviliPhotography

გერგეტის სამების მთის კალთაზე მანქანებისთვის პარკინგი მოეწყო.

ყაზბეგის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ჯემალ სუჯაშვილმა ტაბულას უთხრა, რომ პარკინგი გაკეთდა მაშინ, როცა აქ ეკლესიამდე მისასვლელი შიდასახელმწიფოებრივი სამანქანო გზა გაიყვანეს.

სუჯაშვილის თქმით, მომავალში აქ სამანქანო გზის გადაკეტვა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობა იგეგმება, სამანქანო გზა კი სწორედ პარკინგთან შეწყდება. 

გზის და სადგომის მშენებლობაზე ტენდერი გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა და სამუშაოებიც თავად განახორციელა. 

"ეს არის სტეფანწმინდა-სამების ეკლესიამდე მისასვლელი საავტომობილო გზა არის შ 147, შიდასახელმწიფოებრივი გზა, ასე ჰქვია. ეგ არის გზების დეპარტამენტის მფლობელობაში. პროექტიც სახელმწიფომ გააკეთა, გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა ტენდერი და ააშენა გამარჯვებულმა კომპანიამ და გაითვალისწინეს პარკინგი, იმიტომ რომ მანდ მომავალში სამანქანო გზა უნდა ჩაიკეტოს და სამებამდე ფეხით მისასვლელი უნდა მოეწყოს, ხეივანივით. ნებართვას იძლევა ეკონომიკის სამინისტრო, შიდასახელმწიფოებრივ გზებზე. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ეს ნებართვის გამცემმა უნდა შეათანხმოს. 500-მეტრიანი ვიზუალური დაცვის ზოლი აქვს გერგეთის სამებას. ნებართვის გამცემი, ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ვიყავით"

ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებს აქვთ ფიზიკური დაცვის 50-მეტრიანი და ვიზუალური დაცვის 500-მეტრიანი არეალი.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოში ტაბულას უთხრეს, რომ პარკინგი, სავარაუდოდ, ამ 500-მეტრიანი არეალის ფარგლებში ექცევა, თუმცა, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მისაღებია და აუცილებელიც კია.

"ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურული ობიექტები არის მიღებული პრაქტიკა და აუცილებელიც კია. მაგრამ უნდა მომხდარიყო შეთანხმება სააგენტოსთან, რაც არ მომხდარა. ვინაიდან გერგეტის სამება გახლავთ ეროვნული კატეგორიის ძეგლი, აქ მსგავსი პროექტის მოწყობა საჭიროებდა საბჭოზე განხილვას და ნებართვის მოპოვებას. თუმცა, ეს სადგომი აბსოლუტურად არ აზიანებს ვიზუალური აღქმის ზონას. ეს კონკრეტული ფოტო, რაზეც ვსაუბრობთ, არის ზედა რაკურსით გადაღებული და არ აღიქმება სწორად, მაგრამ ვიზიტორებისთვის, გერგეტის სამება ამით არ ზიანდება. ამავდროულად, გაცილებით უფრო ხელსაყრელი და მოწესრიგებული ხდება ავტომანქანების განლაგების პროცესი და სისტემა. ამდენად, ზოგადად ამ ელემენტის გაჩენას მწვავედ არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ აუცილებელი იყო, კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე გაევლო განხილვა. შედეგად, ამ ობიექტის მშენებლობაზე ნებართვა გაცემული იქნებოდა", - თქვა ბექა ბარამიძემ.

მისი თქმით, მსგავსი სადგომი გასულ წელს ვარძიაშიც მოეწყო, ვინაიდან ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი იმდენად დატვირთული იყო, რომ მანქანების განთავსების ფიზიკური საშუალება არ არსებობდა და მალე ქაოსური მდგომარეობა შეიქმნებოდა.

კომენტარები