ბავშვებზე ძალადობა

სასამართლომ მამის მიერ დედის ნეგატიურად მოხსენიება ბავშვზე ფსიქოლოგიურ ძალადობად მიიჩნია

University of Minnesota

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთი მშობლის მიერ ბავშვებთან მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება ფსიქოლოგიურ ძალადობად აღიარა.

ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იცავდა დედას, რომლის გადმოცემით, ბავშვების მამამ იგი შვილებთან უარყოფით კონტექსტში მოიხსენია, რის გამოც ისინი იყვნენ დათრგუნულები და შეშინებულები.

"დედამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შეატყობინა სოციალურ სააგენტოს ფსიქოლოგთან დასაკავშირებლად. ბავშვები სოციალური მუშაკის თანდასწრებით გამოკითხეს, რა დროსაც, მათ დაადასტურეს მამის ნათქვამი", - ამბობენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ, მამამ კიდევ წაიყვანა ბავშვები და უთხრა, რომ თუ სამართალდამცავ ორგანოებთან სიმართლეს იტყოდნენ, დედა და მამა ერთად ვეღარ იქნებოდნენ და საქმე კიდევ უფრო გართულდებოდა.

"დედის თქმით, ბავშვები განიცდიდნენ მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ნერვიულობდნენ, რაც გამოიხატებოდა უძილობაში, მუდმივად დაძაბულ და გაღიზიანებულ მდგომარეობასა და შიშში", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ბავშვების დედამ მამის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა მოითხოვა, რაც გამოსცა კიდეც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა. მამის მხრიდან საქალაქო სასამართლოში შემაკავებელი ორდერების გასაჩივრების შემდეგ კი, პირველი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა გამომძიებლის მიერ გამოცემული ორდერები. სწორედ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" და სააპელაციოში დავა მოიგო.

სასამართლომ გაიზიარა PHR-ის იურისტების პოზიცია, მიიჩნია, რომ ერთი მშობლის მიერ ბავშვებთან მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება წარმოადგენდა ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ძალადობას და ძალაში დატოვა შსს-ის გამომძიებლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერები. მამას 30 დღით ბავშვებთან მიახლოება და მათთან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია აეკრძალა.

კომენტარები