დავით გარეჯი

წერეთელი დავით გარეჯზე: უმართავი ინიციატივები არაკეთილმოსურნე ძალებმა შეიძლება გამოიყენონ

„დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტას სჭირდება სახელმწიფოებრივი მიდგომა და არა მხოლოდ ემოციური მუხტი,“ - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და ვეროპული საქართველოს წევრმა გიგი წერეთელმა ისაუბრა. წერეთელი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან პროცესის სწორად წარმართვის შემთხვევაში, საჭიროების მიხედვით შესაძლებელი იქნება ამ საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა. 

„ნებისმიერი გართულება საზიანო იქნება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის, გამომდინარე მეზობელ აზერბაიჯანთან ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობის დაძაბვის თავლსაზრისით. ეს საკითხი, რომელიც ათწლეულებია სხვადასხვა ინტენსივობით განიხილება, მოითხოვს მაღალი თანამდებობის პირებისგან არა გაუაზრებელ განცხადებებს, არამედ პროფესიონალურ, დიპლომატიურ და კონსტრუქციულ თანამშრომლობას მხარეებს შორის. ბუნებრივია უნდა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრივი პრინციპები, ყველასთვის ძვირფასია ჩვენი ტერიტორია, ჩვენი კულტურული ძეგლები, მაგრამ მხოლოდ ემოციური მუხტი და უმართავი ინიციატივები შეიძლება სერიოზული გართულების საფუძველი გახდეს და გამოყენებული იყოს საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალების მიერ. ამიტომ სახელმწიფოს განსაკუთრებული სიფრთხილით მართებს ამ პროცესის წარმართვა და ყველა დაინტერესებულ და აქტიურ ჯგუფთან მუშაობა. პატრიარქის განცხადებაშიც სწორედ თანამშრომლობასა და სიმშვიდეზე იყო საუბარი. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვას ამ საკითხში მათ შორის ეუთო-სი, ვფიქრობ ხელისუფლების მხრიდან პროცესის სწორად წარმართვის პირობებში და საჭიროების მიხედვით ეს შესაძლებელი იქნება.“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ასულიერო პირები და აქტივისტები დღეს, 28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს დავით გარეჯში აქციას მართავენ. მათ აქ საქართველოს დროშა აღმართეს და გეგმავენ, ჩიჩხიტურის ციხეს ცოცხალი ჯაჭვი შემოავლონ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი მიზანია, ხაზი გაუსვან, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაა. მათი თქმით, გარეჯი საქართველოს იერუსალიმია და თუ ხელისუფლება მას ვერ დაიცავს, მაშინ თავად მოქალაქეებს და ეკლესიას მოუწევს ამის გაკეთება. დღეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დავით გარეჯში ქართველი აქტივისტები შეიკრიბნენ. აქციებს აქ "ანტისაოკუპაციო ჯგუფის" წევრები მართავენ.

ვნებათაღელვა დავით გარეჯში მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრამდე საქართველოს მხრიდან მისასვლელი ბილიკი ჩაკეტეს. გზა 26 აპრილს გაიხსნა, ერთი თვის შემდეგ კი სასულიერო პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩიჩხიტურის ციხესთან ბულდოზერები მუშაობენ, თუმცა, უცნობია, კონკრეტულად რა სამუშაოებს ატარებენ ისინი. ამაზე არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის საგარეო უწყება ზუსტ განმარტებებს არ იძლევა.

საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის ნაწილია განსაზღვრული - სულ 446 კილომეტრიანი ზოლის 294 კილომეტრი.

გადაუწყვეტად რჩება საზღვრის ის ნაწილი, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე გადის.

1921 წელს, გასაბჭოების შემდეგ, როცა აქ საზღვარი გაივლო, ქართველმა ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ქვემო ყარაის ველი დაუთმეს. სწორედ ამ დროს აღმოჩნდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 მონასტრიდან 3 აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - ბერთუბანი, ჩიჩხიტური და უდაბნო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მხარეების დროებითი შეთანხმების საფუძველზე, პირობითი საზღვარი გაავლეს ისე, რომ სამონასტრო კომპლექსის ყოველდღიური ცხოვრება არ შეცვლილა და საქართველოდან მიმავალ ტურისტებს და მომლოცველებს ამ 3 ტაძრის მონახულებაც ჩვეულებრივად შეეძლოთ.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ამ ნაწილთან მისასვლელი გზა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 2012 წლის მაისშიც გადაკეტეს 2 კვირით. 2012 წლის 20 მაისს ჩიკაგოში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, მხარეები სადავო მონაკვეთზე სტატუს კვოს აღდგენაზე შეთანხმდნენ და აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა.

2012 წლის შემდეგ დავით გარეჯის საკითხი ამ დრომდე არ წამოწეულა.

2019 წლის თებერვალში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბაქოში ვიზიტით იმყოფებოდა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა თქვა:

"გადავწყვიტეთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას მითითება მივცეთ, რომ განაახლონ მუშაობა და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა გამიჯვნის საზღვარი".

22 აპრილს პრეზიდენტი დავით გარეჯის სასაზღვრო ზონაში ჩავიდა და ქართველ მესაზღვრეებს შეხვდა, შემდეგ კი თქვა, რომ "სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს".

2019 წლის 26 მაისს კი სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "საზღვრის საკითხი მან წამოიწყო და შესაძლოა, სწორედ ამას მოჰყვა რაღაც შედეგები". თუმცა, ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, რატომ წამოიწყო ეს საკითხი.

აზერბაიჯანის და საქართველოს საზღვრის დემარკაციის საკითხზე კომისია პირველად 1996 წელს ჩამოყალიბდა და ის დღემდე ფუნქციონირებს, თუმცა, არაეფექტურად - იკრიბება მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ.

ბოლოს კომისია 23-24 მაისს ბაქოში შეიკრიბა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ თქვა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საექსპერტო ჯგუფებმა ადგილზე კიდევ ერთხელ შეისწავლონ ვითარება, რომლის შემდგომაც კომისია დაუყოვნებლივ შეიკრიბება არსებული შედეგების განსახილველად. ეს შესაძლოა 1 თვის განმავლობაში მოხდეს.

როგორც დარსალია, ასევე ისტორიკოსები და ოპოზიცია ამბობს, რომ აქტივისტებმა და სასულიერო პირებმა თავი უნდა შეიკავონ ემოციური განცხადებებისგან. ასევე, მათი თქმით, დაუშვებელია, ოკუპაციის საკითხის დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირება, ვინაიდან აზერბაიჯანი, რუსეთისგან განსხვავებით, არა ოკუპანტი, არამედ პარტნიორი სახელმწიფოა.

კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ კი 27 მაისს თქვა, რომ "აზერბაიჯანს და საქართველოს შორის პრობლემების შექმნა სხვა ძალას სურს" და "პროვოკაციებს ადვილად არ უნდა ავყვეთ!".

კომენტარები