რუსთავი ორის საქმე

შავგულიძე რუსთავი 2-ზე: ეს არის ბრძოლა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის გადასარჩენად

შალვა შავგულიძე
ambebi.ge

"არ აქვს მნიშვნელობა ამჯერად ვისი სახელით შეეცდება ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ის დაპატრონებას და მის გაჩერებას - ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ," - ბლოკი ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი კანდიდატი შალვა შავგულიძე ტელეკომპანია რუსთავი ორის გარშემო მიმდინარე მვოლენებს აფასებს. შავგულიძის თქმით, ეს არის ბრძოლა დემოკრატიის გადასარჩენად. 

"ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ბოლო ბასტიონი, რომელიც ჯერ კიდევ სრულად ვერ დაიპყრო ბიძინა ივანიშვილმა არის მედიის დამოუკიდებლად დარჩენილი ნაწილი. სწორედ ამ მედიის ფლაგმანის რუსთავი2-ის წინააღმდეგ დაიწყო ახალი შეტევა ივანიშვილმა, რისი მომსწრენიც გუშინ გავხდით. არ აქვს მნიშვნელობა ამჯერად ვისი სახელით შეეცდება ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ის დაპატრონებას და მის გაჩერებას - ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ბრძოლა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიისა და შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გადასარჩენად და ეს ბრძოლა ყველამ ერთად, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის ცივილიზებული მომავალი, აუცილებლად უნდა მოვიგოთ," - ამბობს შავგულიძე.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ საგანგებო ბრიფინგზე ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილის მიერ მისი და სხვა მეწილეების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" ახალი გეგმაა. ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დანარჩენი მეწილეებისგან ითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადების, ჯამში 26 მილიონს ლარს.  გვარამიას თქმით, ამ სარჩელის მთავარი მიზანი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა და მისი ინფორმაციით მთავარი მოთხოვნა, რასაც მოსარჩელე მხარე წამოაყენებს მისი უფლებამოსილების შეჩერება იქნება.

კომენტარები