ჰაერის დაბინძურება

2030 წლიდან ამსტერდამში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილები ვეღარ ივლიან

2030 წლიდან ამსტერდამში ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ავტომობილები და მოტოციკლები აიკრძალება.

ნიდერლანდების დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ასე ჰაერის დაბინძურების აღმოფხვრას გეგმავს.

ამ გეგმის ფარგლებში, მომავალი წლიდან ამსტერდამში 15 წელზე ძველი დიზელზე მომუშავე მანქანები ვეღარ ივლიან. 2022 წლიდან ქალაქის ცენტრში ვეღარ შევა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც გამონაბოლქვს გამოყოფს. 2025 წლიდან კი ეს შეზღუდვა წყლის ტრანსპორტსა და მოპედებზეც გავრცელდება.

იმისათვის, რომ მოსახლეობაში ელექტრომობილებისა და წყალბადზე მომუშავე ავტომობილების გამოყენება წაახალისონ, მათ მყიდველებს ელექტროდამტენებსაც შესთავაზებენ. ამ პროექტის ფარგლებში 2025 წლამდე ელექტროდამტენი სადგურები ამჟამინდელი 3 ათასიდან 23 ათასამდე უნდა გაიზარდოს.

ნიდერლანდებში, ზოგიერთ ნაწილში, ჰაერის დაბინძურება ევროპულ სტანდარტს აჭარბებს. ინიციატივას კრიტიკოსებიც ყავს. ასოციაცია Rai, რომელიც ავტომობილების ინდუსტრიას ლობირებს, ამბობს, რომ ეს გეგმა ამსტერდამს "მდიდრების ქალაქად" აქცევს, რადგან ათი ათასობით ოჯახი, რომელსაც ელექტრო მანქანის შესასყიდი ფული არ აქვს, ავტომობილის გარეშე დარჩება.

კომენტარები