ქალთა მიმართ ძალადობა

4-წლიანი პატიმრობა ქალის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და სისტემური ძალადობისთვის

www.geo.tv

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ სისტემურ ფიზიკურ ძალადობაში და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

"წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თ.ა. 2018 წლის 3 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემურ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მასთან ერთად მცხოვრებ მეგობარ ქალს, რასაც დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი შეესწრო. თ.ა.-ს მიერ განხორციელებული სისტემური ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად, დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

უწყების ინფორმაციითვე, ბრალდებული 2018 წლის 2 ივლისს თბილისში დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ სისტემური ძალადობის, ასევე, სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის მუხლებით წარედგინა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126 მუხლის 2 ნაწილი; 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი, 111-115 მუხლის პირველი ნაწილი და 111-151 მუხლის პირველი ნაწილი).

თბილისის საქალაქო სასამართლომ კაცი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის  სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები