ბრექსითი

გაერთიანებული სამეფოს ახალ პასპორტებზე ევროკავშირი აღარ წერია

PETER BRADY

ბრექსითის გადადების მიუხედავად, გაერთიანებულმა სამეფომ ახალი პასპორტები გამოუშვა, რაზეც ევროკავშირი აღარ არის აღნიშნული.

ახალი პასპორტები 30 მარტიდან გამოდის, ამ დროს გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის წევრი ოფიციალურად აღარ უნდა ყოფილიყო. ახალ პასპორტებთან ერთად კვლავ გასცემენ ევროკავშირის აღმნიშვნელი ნიშნით დარჩენილ ძველ პასპორტებს - ბრიტანელი მოქალაქეებისთვის სამოგზაუროდ ორივე მათგანი იქნება ვალიდური.

2019 წლის ბოლოდან ბორდოსფერი პასპორტის ნაცვლად მუქი ლურჯი ბრიტანული პასპორტები გამოვა. მსგავსი დიზაინის პასპორტებს ბრიტანელები ევროკავშირში გაწევრიანებამდე ატარებდნენ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლა 29 მარტიდან 12 აპრილამდე გადაიდო, რადგან პარლამენტმა პრემიერმინისტრ ტერეზა მეის მიერ ბრიუსელთან მიღწეული შეთანხმება სამჯერ ჩააგდო.

3 აპრილს ბრიტანეთის პარლამენტმა კენჭი უყარა ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პრემიერმინისტრ მეის ევროკავშირისთვის ბრექსითის გადადების თხოვნა დაევალება, თუ გაერთიანებული სამეფო 12 აპრილამდე ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმების დამტკიცებას ვერ შეძლებს. თუ 12 აპრილამდე პარლამენტი მეის გეგმას მხარს არ დაუჭერს, გაერთიანებული სამეფოს გასვლა ევროკავშირიდან 22 მაისამდე გადავადდება.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ტერეზა მეის შეთანხმება სამჯერ ჩააგდო, პრემიერმა მოლაპარაკება ოპოზიციის ლიდერთან, ჯერემი კორბინთან (ლეიბორსტული პარტია) დაიწყო ახალი, "კომპრომისული" შეთანხმების მისაღწევად.

იქამდე ტერეზა მეიმ საჯაროდ განაცხადა, რომ მისი შეთანხმების გასვლის შემთხვევაში თანამდებობას დატოვებდა და მოლაპარაკებების შემდგომი ფაზის წარმართვის საშუალებას ახალ ლიდერს მისცემდა. შედეგად, მისმა ევროსკეპტიკოსი თანაპარტიელების ნაწილმა შეთანხმებას მხარი დაუჭირა, თუმცა პარლამენტმა ის მაინც ჩააგდო.

პარალელურად, პოლიტიკოსებისა და აქტივისტების ნაწილი ბრექსითის შესახებ მეორე რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს. თავის მხრივ, პარლამენტმა უკვე ორჯერ უყარა კენჭი მეის შეთანხმების ალტერნატიულ ვარიანტებს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ. თუმცა, თემთა პალატამ არცერთ მათგანს დაუჭირა მხარი.

კომენტარები