ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება

თამბაქოს კონტროლი გამკაცრდა, მაგრამ კიდევ რას ითვალისწინებდა ასოცირების ხელშეკრულება?

2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელმაც ქვეყანაში თამბაქოს წარმოებას, ვაჭრობას, მოხმარებასა და რეკლამირებას ახალი რეგულაციები დაუწესა და მისი დარღვევისთვის სპეციალური სანქციები გაწერა.

2019 წლის 1 იანვრიდან კი გაიზარდა აქციზის გადასახადი. კერძოდ, უფილტრო სიგარეტის აქციზი 60 თეთრიდან 1.70 ლარამდე გაიზარდა, ფილტრიანი სიგარეტის ადვალური გადასახადი კი - 10%-დან 30%-მდე, რამაც სიგარეტის კოლოფზე ფასი, ამ დროის მონაცემებით, 1 ლარით გაზარდა.

თამბაქოს კონტროლის შესახებ მიღებული ეს გადაწყვეტილებები საქართველოს ერთ მილიონამდე მწეველ მოქალაქესა და რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა დაწესებულებას შეესაბამება. მისი რეგულირების ქვეშაა პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივი ობიექტი, ასევე სავაჭრო დაწესებულებები, სადაც თამბაქოს ნაწარმის შეძენაა შესაძლებელი.

რეგულაციებისა და აქციზის გადასახადების გაზრდის ინიციატორები ამბობენ, რომ კანონმდებლობის გამკაცრებას მათ ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების 356-ე მუხლში, ასევე ასოცირების ხელშეკრულების ეროვნულ სამოქმედო სტრატეგიაში მართლაც წერია, რომ საქართველო მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარების პრევენციის, ასევე თამბაქოს მეორადი კვამლის ზეგავლენისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროპული ნორმების ჰარმონიზებას შეძლებდა და საქართველოში საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით მომზადებულ კანონმდებლობას დანერგავდა.

თუმცა, თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ მომზადებული და ქართული ოცნების დეპუტატ გუგული მაღრაძის ინიციატივით პარლამენტში შესული საკანონმდებლო პაკეტი ზოგიერთი მიმართულებით ევროკავშირის დირექტივებთან აცდენილია. კერძოდ, თამბაქოს შესახებ ევროდირექტივის მიხედვით, საუკეთესო შედეგის მისაღწევდა, ელექტროსიგარეტი და ჩვეულებრივი სიგარეტი განსხვავებულად რეგულირდება, ქართულ კანონმდებლობაში კი საერთოდ არ არის განმარტებული, თუ რას წარმოადგენს ელექტროსიგარეტი და უფრო მეტიც, ის ისევე რეგულირდება, როგროც თამბაქოს პროდუქტი - მაშინ, როდესაც ელექტროსიგარეტი თამბაქოს საერთოდ არ შეიცავს. ქართული კანონმდებლობის ევროდირექტივებთან შეუსაბამობის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას მიერ მომზადებულ ამ სტატიაში.

თავი რომც დავანებოთ ევროკავშირის დირექტივებთან აცდენას და ჩავთვალოთ, რომ საქართველოს მთავრობამ თამბაქოს კონტროლის შესახებ გეგმა ზე-გადაჭარბებით შეასრულა, საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ კიდევ რას ითვალისწინებდა ევროკავშირი და რა (არ/ვერ) შეასრულა სახელმწიფომ. 

ასე მაგალითად, თუ ჩავიხედავთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წერსიგში 2017-2018 წლებისთვის, აღმოვაჩენთ იმ არაერთ მითითებას, რომელიც მთავრობას არ შესრულებია.

ერთერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი, რომელზეც დღის წესრიგში საუბარია, ეროვნულ არჩევნებს ეხება.

დოკუმენტი საქართველოს მხრიდან ითვალისწინებას "არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების უზრუნველყოფას, საკანონმდებლო ჩარჩოსა და საარჩევნო ადმინისტრირებაში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფისა (IATF) და ევროპის უშიშროებისა და თანამმშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს)/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ განსაზღვრული ნებისმიერი ნაკლოვანებების აღმოფხვრას".

  • დაშინება, ადმინისტრაციული რესურსი, ნეგატიური კამპანია, ხისტი რიტორიკა, ძალადობრივი ინციდენტები - ეს იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის შესახებ მიუთითებს.
  • ამასთან, 11 ევროპარლამენტარი სხვადასხვა ფრაქციიდან 2 აპრილით დათარიღებულ წერილში საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართავს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორ ია კერზაიას საქმის გამოძიების მოთხოვნით. ევროპარლამენტარები ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყდნობით, ხაზს უსვამენ არაერთ დარღვევას, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა, მათ შორის დაშინებასა და ზეწოლას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელზეც ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგშია საუბარი, სასამართლო რეფორმას შეეხება. დოკუმენტში წერია, რომ საქართველო იღებს პასუხისმგებლობას შემდეგზე:

"სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება გამოკვეთილი მიზნებითა და პრიორიტეტებით, რომელიც უნდა მოიცავდეს მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშვნისა და გადამზადების პოლიტიკას და შესაბამის რესურსებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას სასამართლოს მოხელეთა კომპეტენტურობა“.

  • პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მართლაც დაიწყო კანონპროექტით იმ კრიტერიუმების შემუშავება, რომლითაც მოსამართლეების თანამდებობებზე დანიშვნა უნდა მოხდეს, თუმცა მისი კანონპროექტი, უმრავლესობის დეპუტატების გარდა, პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ჯგუფისა თუ ყველა გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკის საგანი გახდა.
  • კრიტერიუმების გაწერის პროცესი პარლამენტის სხდომებზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
  • უფრო მეტიც, დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელიც წლების განმავლობაში მმართველი გუნდის ლიდერი იყო, ქართული ოცნების გუნდი ხმაურიანი განცხადებების ფონზე დატოვა. მიზეზი სწორედსასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების სია გახდა. ბესელიაც, მასთან ერთად წასული "ოცნების" რამდენიმე დეპუტატიც და იუსტიციის უზენაესი საბჭოს 2 არამოსამართლე წევრიც ღიად მიუთითებდა იმაზე, რომ კანონპროექტი, რომლის გატანასაც კობახიძე ცდილობდა, ეკუთვნოდა არა მას, არამედ ე.წ "მოსამართლეთა კლანს", რომელთა უვადოდ დანიშვნამაც პრაქტიკულად დაშალა უმრავლესობის გუნდი.

დოკუმენტში, ასევე, მითითებულია, რომ საქართველო პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა უზრუნველყოფილი იქნება, "განსაკუთრებით ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის იმპლემენტაციისას, უმცირესობათა და პირადი ცხოვრების დაცვისას და რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფისას“.

  • 2017 წლის 1 მაისს საქართველოში მოღვაწე 30-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან სოფიო კილაძის გადაყენება მოითხოვა, რისი მიზეზიც 17 მაისთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა.

    ადამიანის უფლებათა 2017-20 წლების სამოქმედო გეგმაში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის, 17 მაისის აღნიშვნაა გაწერილი, თუმცა კილაძემ 30 აპრილს თქვა, რომ "არ აღვნიშნავთ, ჩვენი ნებაა“, რამაც ლგბტ აქტივისტების, და არა მხოლოდ, პროტესტი გამოიწვია.

    სოფიო კილაძე დღემდე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა.
  • იმ ფონზე, როცა ეკა ბესელია მმართველ გუნდს დაუპირისპირდა, მოულოდნელად ინტერნეტში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები გამოჩნდა. ხელისუფლებას ვიდეოს გამავრცელებელი პირველწყარო დღემდე არ დაუკავებია.
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა 13 მარტს პარლამენტს ინიციატივით მიმართა, რომ კანონში გაუქმებულიყო ის ნორმა, რომლითაც მღვდელთმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ.

    იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი ამ ინიციატივას გაიზიარებს, ეს უფლება ფორმალურად ჩამოერთმევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურსაც, თუმცა კონკორდატის გათვალისწინებით, მას არათუ გადავადების, სამხედო სამსახურისგან სრულიად გათავისუფლების უფლება დარჩება.

თუკი ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ბოლო ანგარიშს (2018 წლის იანვარი-ივნისი) ვნახავთ, ცხადად დავინახავთ, რომ ხელისუფლება ზე-გადაჭარბებით იმ ევროდირექტივებს ასრულებს, რომელიც არა მათ ძალაუფლებას, არამედ მოქალაქეთა უფლებებს ზღუდავს.

ანგარიშში პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი იმ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან დირექტივაზე, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს. მაგალითისთვის, შეგვიძლია, მოვიყვანოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თაობაზე მითითება, რომლის მიხედვითაც ამ საკითხზე გაერო-ს კონვენციის ეფექტიანი იმპლემენტაცია უნდა მომხდარიყო.

საქართველოს მთავრობის ანგარიშში ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ის წერია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ მოსამართლეებს ტრენინგები ჩაუტერს.

ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი ითვალისწინებს საგადასახადო კანონმდებლობის გაუმჯობესება და გამარტივებაა. მთავრობის მიერ წარდგენილ ანგარიშში კი ამ მიმართულებით გადადგმული არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ იკვეთება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ანგარიშის მიხედვით, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

კომენტარები