დონალდ ტრამპი

ტრამპი: მაკკეინს ისეთი დაკრძალვა მოვუწყვე, როგორიც სურდა, მაგრამ მადლობაც არავის უთქვამს

Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოჰაიოში ჯავშანტექნიკის საწარმოს მონახულებისას კიდევ ერთხელ ისაუბრა გარდაცვლილ სენატორ ჯონ მაკკეინზე.

"მე მას ისეთი დაკრძალვა მოვუწყვე, როგორიც სურდა. როგორც პრეზიდენტმა, ამაზე თანხმობა გავეცი. არ მადარდებს, მაგრამ მადლობაც არავის უთქვამს. არაუშავს."

ჯონ მაკკეინი გასული წლის აგვისტოში გარდაიცვალა. დონალდ ტრამპმა თანხმობა გასცა სამხედრო თვითმფრინავით მაკკეინის ნეშტის ვაშინგტონიდან არიზონაში გადასვენებაზე. თავად ტრამპი მაკკეინის პანაშვიდზე არ დაუპატიჟებიათ.

ოჰაიოში ტრამპმა ასევე თქვა, რომ მაკკეინს ვეტერანებისთვის არაფერი გაუკეთებია, რადგან ობამაქეარის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა:

"ჩემი ტიპის ადამიანი არ არის. მაგრამ ზოგიერთს უყვარს ის და ვფიქრობ ეს შესანიშნავია." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა მაკკეინზე თეთრ სახლში ბრაზრილიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგაც ისაუბრა. მან თქვა, რომ სენატორ ჯონ მაკკეინს 2017 წელს ე.წ. ობამაქეარის გაუქმებისათვის მხარი უნდა დაეჭირა:

"ჯონ მაკკეინის ფანი არასოდეს ვყოფილვარ და არც არასდროს ვიქნები."

ტრამპმა მაკკეინი ჯანდაცვის კანონზე გადაწყვეტილების ბოლო წუთს, გაფრთხილების გარეშე შეცვლაში დაადანაშაულა. ტრამპის თქმით ამან ის გააბრაზა.

"ჩვენი ქვეყანა ტრილიონობით დოლარს დაზოგავდა და შესანიშნავი ჯანდაცვა გვექნებოდა." თქვა მან.

მისივე თქმით სამარცხვინო იყო, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას მაკკეინი მოსახლეობას ობამაქეარის ჩანაცვლებას ჰპირდებოდა, თუმცა 2017 წელს რესპუბლიკელების მცდელობას ხელი შეუშალა.

ეს ტრამპის მხრიდან ჯონ მაკკეინის კრიტიკის პირველი შემთხვევა არაა. გასულ კვირას ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ მაკკეინმა ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრისგან მიღებული გადაუმოწმებელი დოსიე რუსეთთან ტრამპის კავშირების შესახებ აშშ-ის გამოძიების ეროვნულ ბიუროს გადასცა. მან ასევე დაწერა, რომ სამხედრო აკადემიაში მაკკეინი კლასში ყველას ჩამორჩებოდა.

ტრამპის ტვიტებს მაკკეინის ქალიშვილი მეგანი გამოეხმაურა. საკუთარ ტვიტერზე მან დაწერა:

"არავის ეყვარებით ისე, როგორც მამაჩემი უყვარდათ. ვოცნებობ უფრო მეტი შაბათი დღე გვქონოდა ერთად გასატარებლად. იქნებ თქვენც თქვენს ოჯახთან ერთად გაატაროთ ეს დრო ტვიტერზე ჩემს ოჯახზე საუბრის ნაცვლად."

ტრამპსა და მაკკეინს შორის უთანხმოება 2015 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაიწყო. მაშინ ტრამპმა თქვა, რომ მაკკეინი ომის გმირი არ იყო და მას ის ადამიანების ერჩივნა, ვინც ტყვედ არ ჩავარდნილან.

კომენტარები