ნეიროენდოკრინოლოგია

აგრესიის, სექსუალური ორიენტაციის და გენდერის ბიოლოგია - ინტერვიუ რობერტ საპოლსკისთან

რობერტ საპოლსკი სტენფორდის უნივერსიტეტის ნევროლოგიის, ნეიროქირურგიის და ბიოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორია. თავის ლაბორატორიაში ნეირონული დეგენერაციის, გენური თერაპიის და გენების გადატანის მეთოდების შესწავლის პარალელურად ის 23 წელია ყოველწლიურად მოგზაურობს აღმოსავლეთ აფრიკაში, სერენგეთის ტერიტორიაზე, სადაც ბაბუინების სოციალურ ცხოვრებას, სტრესსა და ნევროლოგიურ დაავადებებს შორის კავშირს იკვლევს. წიგნების წერა მან აფრიკაში ბაბუინებთან ერთად ცხოვრებისას დაიწყო, როცა საზოგადოებასთან კონტაქტი გაწყვეტილი ჰქონდა

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ნეირომეცნიერი მაკარტურის გენიოსის ჯილდოს მფლობელი და კენიის ეროვნული მუზეუმების ასოცირებული მკვლევარია. ამასთან ერთად, მას აქვს როკფელერის უნივერსიტეტის ნეიროენდოკრინოლოგიის დოქტორის და ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოლოგიური ანთროპოლოგიის საპატიო ხარისხი. 

რობერტ საპოლსკი რეგულარულად წერს ჟურნალებისთვის, როგორებიცაა Science, Discover, Scientific American და The New Yorker. The New York Times-ის თანახმად რობერტ საპოლსკი "ბუნების ისტორიის შესახებ ერთ-ერთი საუკეთესო მწერალია.” გამოჩენილი ნევროლოგის, ოლივერ საქსის შეფასებით ის “ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეცნიერი-მწერალია.”

თავის ბოლო წიგნში, "ქცევა: ადამიანის ბიოლოგია ყველაზე კარგ და ცუდ შემთხვევებში", ის ადამიანის ბუნების ურთიერთსაწინააღმდეგო ასპექტების - ერთი მხრივ აგრესიის, ძალადობის და კონკურენციის, მეორე მხრივ კი ემპათიის ალტრუიზმის და თანამშრომლობის ბიოლოგიურ საფუძვლებს სიღრმისეულად, თუმცა არასპეციალისტი მკითხველისთვის იოლად გასაგები ენით გადმოსცემს.

მე მას ექვსი კითხვით მივმართე. 

რა არის ტვინის სამეულოვანი მოდელი? (Triune Model) 

ეს ტვინის ფუნქციონირების შესახებ ფიქრის გზაა, რომელიც 1960-იანი წლებიდან გვხვდება. ის ხელოვნურად ანაწევრებს ტვინს სამ განცალკევებულ დომენად. პირველი შრე ტვინის ფუძესთან მდებარეობს (ტვინის ღერო და შუა ტვინი), და ყველაზე ძველი ნაწილია - ის ძირითადად ერთნაირია ძუძუმწოვრებში, ქვეწარმავლებში, თევზებში და ფრინველებში (და მას “ქვეწარმავლურ შრეს” უწოდებენ.) და აკისრია ძველისძველი ამოცანები, როგორებიცაა სუნთქვის, სისხლის წნევის, ტემპერატურის, გულისცემის სიხშირის რეგულაცია და ასე შემდეგ. თუ სხეულის ტემპერატურა ეცემა, ტვინის ეს რეგიონი გრძნობს ამას, და "უბრძანებს" კუნთებს, რომ აკანკალდნენ. მეორე შრე, რომელიც მის ზემოთაა არის “ლიმბური სისტემა”, რომელსაც ვერ ნახავთ ძუძუმწოვრებამდე. ის ემოციების შესახებაა. თუ თქვენ რამე შემზარავს დაინახავთ, ეს ნაწილი გაუგზავნის სიგნალს პირველ შრეს, რომ კუნთები აცახცახდეს ემოციისგან. ლიმბური სისტემის ზემოთ მდებარეობს ქერქი, რომელიც ყველაზე მეტად პრიმატებშია განვითარებული, მათ შორის ჩვენში. მისი როლია ფიქრი, აზროვნება, მეხსიერება და ასე შემდეგ. თუ წიგნის საშიშ პასაჟს წაიკითხავთ, მესამე შრე გაუგზავნის სიგნალს მეორე შრეს, რომ შიში იგრძნოთ, რაც აიძულებს პირველ შრეს, რომ კანკალი დაიწყოთ. 

ეს მოდელი სასარგებლოა, თუმცა ის სრულად ხელოვნურია, ვინაიდან ტვინი სინამდვილეში არ იყოფა დამოუკიდებელ დომენებად, ამ შრეებს შორის ათასგვარი ურთიერთქმედება ხდება (მაგალითად, რა გზითაც მოქმედებს ემოციები ინტელექტზე), მაგრამ ის მაინც სწავლების კარგი მეთოდია.

რა კავშირია ამიგდალასა და აგრესიას შორის?

ამიგდალა ტვინის რეგიონია, რომელიც ყველაზე მეტადაა დაკავშირებული აგრესიაასთან. თუ აიღებთ ადამიანს, მაიმუნს ან ვირთხას და მათი ამიგდალას სტიმულაციას დაიწყებთ, თქვენ მიიღებთ აგრესიას პროვოკაციის გარეშე. თუ შენ მას ქირურგიულად გაანადგურებ, მიიღებ საწინააღდეგოს. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამიგდალას ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია არის შიში - ისწავლო რისი გეშინოდეს, ისწავლო, რომ რაღაც საშიში აღარაა, და ასე შემდეგ. სხვა სიტყვებით, შეუძლებელია დაიწყო ორგანიზმების ძალადობის ნეირობიოლოგიის გაგება, შეშინებული ორგანიზმების ნეირობიოლოგიის კონტექსტის გარეთ.

აგრესიაში ამიგდალას როლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მანიფესტაცია არის ამიგდალას სიმსივნის იშვიათი შემთხვევები, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს აუხსნელი აგრესია. ასეთი სიმსივნე იპოვეს ათწლეულების წინ, მემარცხენე გერმანელი ტერორისტის ულრიკე მაინჰოფის ტვინში, მისი გვამის გამოკვლევისას. ასევე 1960-იანი წლების მასობრივი მკვლელის, ჩარლზ უიტმანის ტვინში, რომელმაც დატოვა წერილი, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რატომ აპირებდა ამ ხალხის დახოცვას...მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც აპირებდა.

რატომ ჰყოფს ჩვენი ტვინი სამყაროს, როგორც “ჩვენ” და “ისინი”?

ეს პრიმატების აგებულების ძალიან ძველი ნაწილია. თუ შენ სოციალური პრიმატი ხარ, მართლაც არის ძალიან ღრმა განსხვავება შენი ჯგუფის წევრებს, რომლებსაც იცნობ, ურთიერთობა გაქვს, რომლებთანაც თანამშრომლობ, ალტრუისტული ხარ და ასე შემდეგ; და სხვა დანარჩენს შორის, ვინც საუკეთესო შემთხვევაში, სულ მცირე, სიფრთხილეს იწვევს. ჩვენ/ისინი დაყოფა ძალიან მსგავსია ყველა ჩვენგანში, პრიმატებში.

მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც ადამიანებში პრო-სოციალურ ქცევას, ხელგაშლილობას და ემპათიას ახალისებს, თუმცა, ბოლო აღმოჩენების თანახმად, ოქსიტონიცი ამას აკეთებს მხოლოდ ჯგუფის შიგნით, ჯგუფის გარეთ მყოფების მიმართ კი პირიქით, უფრო აგრესიულებს გვხდის. 

რა ხარისხითაა გენდერული განსხვავებები თანდაყოლილი?

აქ ფრთხილი ვიქნები, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად კონტროვერსიული შეიძლება იყოს ეს. უბრალოდ ვიტყვი, რომ ა) განსხვავებები ბევრად მეტად თანდაყოლია, ვიდრე პროგრესისტების და ფემინისტების უმეტესობა დაიჯერებდა, და ბევრად ნაკლებად თანდაყოლილი, ვიდრე კონსერვატორების უმეტესობა დაიჯერებდა. ბ) კულტურას შეუძლია გაზარდოს გენდერული განსხვავებები ქცევაში ან პირიქით, შეამციროს - მაგრამ კულტურა იშვიათად აქრობს ყველა განსხვავებას.

არის თუ არა სექსუალური ორიენტაცია გენეტიკურად დეტერმინირებული?

დღესდღეობით დიდი ოდენობით მტკიცებულებაა, რომ სექსუალური ორიენტაცია არ არის გენეტიკურად დეტერმინირებული. ნიშნავს ეს იმას, რომ ორიენტაცია არჩევანია? აბსოლუტურად არა. მიუხედავად იმისა, რომ ორიენტაცია არ არის გენების მიერ დეტერმინირებული, ის მაინც ისეთი თვისებაა, რომელიც ბიოლოგიურად დეტერმინირებულია. ვფიქრობ, საუკეთესო მტკიცებულებაა, რომ სექსუალური ორიენტაციის ბიოლოგია კავშირშია საშვილოსნოში ჰორმონების ექსპოზიციასთან. უკიდურესად მნიშვნელოვანი აღმოჩენა ამ სფეროში ისაა, რომ საშუალოდ, არსებობს მცირე სტრუქტურული განსხვავება გეების და ჰეტეროსექსუალების ტვინებს შორის. (და ისევ, საუკეთესო მტკიცებულებაა, რომ ეს განსხვავებები ირეკლავს ჩანასახოვანი სიცოცხლის განმავლობაში ჰორმონების მოქმედებას.)

ასეთ მიგნებებს ძალიან მნიშვნელოვან საკითხამდე მივყავართ. სექსუალური ორიენტაცია არაა ყველაფერი-ან-არაფერი თვისება. ყველაფერი-ან-არაფერი თვისების მაგალითია სისხლის ჯგუფი, რომელიც შეიძლება იყოს პირველი უარყოფითი, ან არ იყოს. ან ერთია ან მეორე. სექსუალური ორიენტაცია, ამისგან განსხვავებით, კონტინუუმია - არსებობენ ადამიანები (უმრავლესობა), რომლებიც ორიენტაციით მტკიცედ ჰეტეროსექსუალები არიან. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მტკიცედ ჰომოსექსუალები არიან. არიან ადამიანები, რომლებიც ბისექსუალები არიან, სადღაც ამ ორს შორის, სადაც ადამიანები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ რომელი მიმართულებისკენ არიან უფრო მეტად დახრილები. ამის მიუხედავად, კვლავ შეგახსენებთ, სექსუალური ორიენტაცია - ჰეტეროსექსუალი, გეი ან მათ შორის - არაა არჩევანი. ეს უბრალოდ ადამიანების ბიოლოგიური ცვალებადობის ერთ-ერთი ვერსიაა.

რატომ იგონებენ ადამიანები რელიგიებს?

ამაზე ან რვა სიტყვა უნდა დავწერო ან რვა ათასი, ამგვარად, პირველს ავირჩევ - იმიტომ, რომ ეს საშიში, ეული და ამოუხსნელი სამყაროა...

 

კომენტარები