შინაური ცხოველები

გერმანიაში ოჯახს გადასახადების გადაუხდელობის გამო ძაღლი EBAY-ზე გაუყიდეს

American Kennel Club

გერმანიის ქალაქ ალენში, ოჯახს გადასახადების გადაუხდელობის გამო ძაღლი ჩამოართვეს და Ebay-ზე გაყიდეს.

ძაღლი ფრანგული ბულდოგის ჯიშის არის და ედდა ქვია.

ალენის ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, ოჯახი გადასახადებს, მათ შორის ძაღლზე დაკისრებული გადასახადის გადახდას თავს არიდებდა.

ქალაქის თვითმართველობამ Ebay-ზე ძაღლის გასაყიდ ფასად 750 ევრო გამოაცხადა და ის პოლიციელმა მიკაელა ჯორდანმა იყიდა.

მიკაელა ჯორდანმა ძაღლის ყიდვა სიიაფისა და კარგი ჯანმრთელობის გამო გადაწყვიტა, თუმცა შემდგომში ედდას თვალების პრობლემები აღმოაჩნდა და ოთხი ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.

ძაღლის ყოფილი პატრონი იხსენებს, რომ ერთ დღეს მის სახლში ადმინისტრაციის ორი წარმომადგენელი მივიდა და ძვირფასი ნივთების ძებნა დაიწყო, რითიც დავალიანების გადახდა შესაძლებელი იქნებოდა. გერმანული მედიის ცნობით, თავდაპირველად წარმომადგენლებს ოჯახისთვის შშმ პირისთვის განკუთვნილი ეტლის ჩამორთმევა სურდათ, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა რომ ის ოჯახის საკუთრება არ იყო.

"ვიცი, რომ ედდა არ არის კარგად ახალ პატრონთან. ჩემს სამივე შვილს ძალიან მოენატრა ძაღლი", - თქვა ყოფილმა პატრონმა.

ძაღლის Ebay-ზე გაყიდვის ფაქტს კრიტიკულად შეხვდნენ ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები.

კომენტარები