წყლის ტარიფი

სემეკის წევრის თქმით, აპრილიდან საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის ტარიფი შეიცვლება

მიმდინარე წლის მარტის შემდეგ საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის ფასი ე.წ ჰიბრიდული გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 20/მ3 წყლის გახარჯვისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფს, 0,33 ლარს გადაიხდიან, ხოლო 20/მ3-ის შემდეგ - არასაყოფაცხოვრეო ტარიფს, 4,4 ლარს. 

ეს ტაბულას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა უთხრა.

ფანგანის თქმით, არსებული ტარიფი საოჯახო სასტუმროებისა და ბინის გამქირავებლებისთვის 4,4 ლარია, რის გამოც სემეკში მრავალი საჩივარი შევიდა. .მისივე თქმით, რეალურად ეს ტარიფის გაიაფებაა, ვინაიდან ახლა ყველა საოჯახო სასტუმრო წყლის გადასახადს არასაყოფაცხოვრებო ტარიფით იხდის. 

"საოჯახო სასტუმროებზე დღეს ვრცელდება არასაყოფაცხოვრებო, კომერციული ტარიფი, კუბურ მეტრზე - 4 ლარი და 40 თეთრი. ჩვენთან იყო საჩივრები შემოტანილი, შევისწავლეთ და ვნახეთ, რომ იქ ზოგიერთ სახლში ადამიანები ცხოვრობენ და წყალს იყენებენ საკუთარი საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ, მივიღოთ ჰიბრიდული ტარიფის პოლიტიკა. 

ანუ, პირველი 20 კუბური მეტრი და ეს საკმარისია, იმიტომ რომ თბილისის მასშტაბით საშუალო მოხმარება არის 16 კბ.მ 

20მ3-ის ზემოთ, თუ დაემატა, ნიშნავს, რომ სტუმრები ყავს, იმიტომ რომ ჩვეულებრივ შემთხევაში ოჯახი არ სცდება 20 კუბურ მეტრს. ამ შემთხვევაში გახდება არასაყოფაცხოვრებო ტარიფი. 

ეს უკვე ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშია და ვფიქრობთ, რომ ამას მარტის ბოლომდე ავამოქმედებთ. ეს იქნება შვება საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის, რომ ახლა 4,4 ლარს იხდიან", - ამბობს ფანგანი. 

მისივე თქმით, GWP-მ ბინების გაქირავების შემთხვევაშიც არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაადგინა, რასაც სემეკი შეეწინააღმდეგა და უარი უთხრა. 

"როდესაც ადამიანი ბინას ქირაობს, ის ხდება მისი დროებით მფლობელი, მათ შორის სასმელი წყლის მოსარგებლე. თუ ვარ ფიზიკური პირი, უნდა გადავიხადო საყოფაცხოვრებო ტარიფი. თუ ვარ იურიდიული პირი, უნდა გადავიხადო არასაყოფაცხოვრებო ტარიფი", - ამბობს ფანგანი. 

სემეკის წევრი ასევე განმარტავს, რომ საქართველოში კანონმდებლობით დადგენილია, რომ არასაყოფარცხოვრებო ტარიფით მიღებული შემოსავალი საყოფაცხოვრებო დაბალ ტარიფს ასუბსიდირებს და ამ უკანასკნელის დაბალ დონეზე შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ეს კანონმდებლობით უკვე ათი წელია, განსაზღრულია, მისი მოქმედების ვადა 2021 წელს იწურება და პარლამენტმა ამის შეცვლასა ან გაგრძელებაზე სწორედ 2021 წლის ბოლოსთვის უნდა იმსჯელოს. 

"ეს არის დამოკიდებული პოლიტიკასა და ხედვაზე. თუ ამ კანონის მოქმედების ვადა გაგრძელდა და დიდი ალბათობით, გაგრძელდება, არაფერი შეიცვლება და ტარიფები უცვლელი დარჩება. 

ეს სემეკის კომპეტენცია არ არის, ეს არის კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც ამ პარლამენტმა უნდა დააყენოს, ან სამინისტრომ. 

ამაზე მსჯელობა 2021 წლის ბოლოსკენ დაიწყება ამაზე მსჯელობა, მანამდე აზრიც არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ ვართ მოქმედი სამწლიანი რეგულირების პერიოდში, 2021 წლიდან დაიწყება კიდევ სამწლიანი პერიოდი", - ამბობს ფანგანი. 

კომენტარები