კრიმინალი

ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაული 2017 წლის 9 აპრილს, გალის რაიონის სოფელ სიდაში მოხდა.

"დ.შ-ს წარსულში არსებული უთანხმოების მიზეზით ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა გ.წ.-სა და მის მეუღლე - ს.შ.-სთან. განაწყენებული დ.შ. იმავე დღეს, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, ცოლ-ქმრის საცხოვრებელ სახლში მივიდა და მათ რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. გ.წ. ადგილზე, ხოლო ს.შ. საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

დ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მოგვიანებით კი უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ის სომხეთის რესპუბლიკაში დააკავეს. დ.შ-ს საქართველოში ექსტრადირება 2018 წლის 17 ოქტომბერს მოხდა" - აცხადებს პროკურატურა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.შ. სრულად ცნო დამნაშავედ ჩადენილ დანაშაულში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები