დეკანოზ მამალაძის საქმე

საინიციატივო ჯგუფი პატრიარქს მიმართავს, დეკანოზს შეწყალებაზე პრეზიდენტთან უშუამდგომლოს

საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერებს აერთიანებს, პატრიარქს მიმართავს დეკანოზს შეწყალებისათვის პრეზიდენტთან უშუამდგომლოს. საინიციატივო ჯგუფის "დეკანოზის სიცოცხლის გადასარჩენად" მიმართვა ჟურნალისტებს დღეს მამა გიორგის ადვოკატებმა გააცნეს.

„თქვენო უწმინდესობავ, ბოლო პერიოდში დეკანოზ გიორგი მამალაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საზოგადოების შფოთვის საფუძველი გახდა. მოგეხსენებათ, ოჯახის მხრიდან გამოხატული პროტესტი დღითიდღე მწვავდება. ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც მსჯავრდებული დეკანოზი მძიმე კლინიკური დიაგნოზით საავადმყოფოში აღმოჩნდა. დღეისთვის მოცემულობა უკვე იმგვარია, რომ საქმე ეხება სასულიერო პირის სიკვდილ-სიცოცხლეს. ამგვარი მოწყვლადი ჯანმრთელობის მქონე ადამიანს განსაკუთრებული სამედიცინო მზრუნველობა ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მისი საპყრობილეში დაბრუნება მის ფიზიკურ სიკვდილს უდრის. მოგმართავთ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, ვინაიდან თქვენ ფლობთ ეკლესიის მეთაურისა და მწყემსი კეთილის უდიდეს ჰუმანურ მისიას, ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე თქვენი ეკლესიის მღვდელმსახურია, გთხოვთ, უშუამდგომლოთ საქართველოს პრეზიდენტთან მის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემისათვის, რათა ოჯახს და მცირეწლოვან შვილებს გიორგი მამალაძე ცოცხალი დაუბრუნდეს “,- წერია წერილში.

ადვოკატები ამბობენ, რომ დეკანოზის მონახულება მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში შეუძლიათ. გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურამ პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მამალაძის განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ, უზენაესმა კი საქმე წარმოებაში არ მიიღო. 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეწყალების მოთხოვნით 9 აგვისტოს მიმართეს. შეწყალების კომისიის მაშინდელი თავმჯდომარის ზვიად ქორიძის ინფორმაციით, კომისიამ მამალაძის საქმე განიხილა, თუმცა კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა. 

დღეს მეუფე დანიელმა თქვა, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი დეკანოზის შეწყალებას აპირებდა, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა. 

კომენტარები