ციანიდის საქმე

თორნიკე მამალაძე: ჩემი ძმის წერილები მაქვს, ილოცონ, რომ სიკვდილს გადაურჩეს

ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები 17 თებერვალს საპატრიარქოსთან აქციას გამართავენ.

დეკანოზი კვლავ ღუდუშაურის კლინიკაშია, სადაც ის ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს. გიორგი მამალაძე დღეს ძმამ მოინახულა. თორნიკე მამალაძე მისი ძმის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას საქართველოს საპატრიარქოს აკისრებს:

"ჩემი ძმის ამ მდგომარეობას ვაკისრებ საქართველოს საპატრიარქოს და თავის ხელმძღვანელობას, რადგან თვითონ ფიქრობენ, რომ ჩემი ძმის გარდაცვალების შემთხვევაში, ის ინფორმაციები, რასაც ჩემი ძმა ფლობს, მასთან ერთად მოკვდება. ძალიან ცდებიან. ჩემი ძმისგან გამოგზავნილი წერილები მაქვს, სადაც დეტალურად არის აღწერილი და ილოცონ, რომ ჩემი ძმა სიკვდილს გადაურჩეს, რადგანაც, თუკი რაიმე მოუვა, მეორე დღესვე ნათელი მოეფინება ყველაფერს", - ამბობს ის.

N9 პენიტენციური დაწესებულებიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში 15 თებერვალს თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევის დიაგნოზით გადაიყვანეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურამ პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება-ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის პირველ აგვისტოს კი უზენაესმა მამალძის ადვოკატების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, რითაც სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

 

კომენტარები