ქუთაისის აეროპორტი

მინისტრის მოადგილე: ქუთაისის აეროპორტში რკინიგზის მშენებლობაზე 3 სცენარი გვაქვს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის აკაკი საღინაშვილის თქმით, ქუთაისის აეროპორტში რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით შემუშავებულ დასკვნას გადახედვა სჭირდება. მისი თქმით, მთავრობას სამი სცენარი აქვს.

"თავის დროზე დასკვნა ჩატარდა - რა იყო უკეთესი და როგორ იყო, ამ დასკვნას სჭირდება განახლება, იმიტომ, რომ იმ დასკვნის შემდეგ, მრავალი რეისი დაემატა ქუთაისის აეროპორტს. 27 მიმართულებით დავიწყებთ ფრენა, სამი სცენარი არსებობს მანდ - 1. არსებული კოპიტნარის სადგურის გარემონტება, რომელიც აეროპორტიდან დაახლოებით 2 კმ-ში მდებარეობს და Shuttle-ბით სიარული. 2. ტერმინალიდან 700 მეტრში მოეწყოს ბაქანი, სადაც ახლა გადის არსებული რკინიგზა და ან საფეხმავლო, ან სხვა გზით წამოვიდეს. 3. საკუთრივ აეროპორტთან მოეწყოს ტერმინალი, ეს ყველაფერი შესწავლის პროცესშია და ვიმედოვნებ, რომ ერთ თვეში პასუხი გვექნება" - თქვა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტში რკინიგზის სადგური ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა გახსნილიყო. ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ორი წლის წინ აცხადებდა, რომ ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი 3-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზისა და სადგურის მშენებლობა უკვე დაიწყო. საქართველოს მთავრობის მაშინდელი ინფორმაციით, ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, თუ პირიქით მოძრავი ყველა სამგზავრო მატარებელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალიდან რამდენიმე ნაბიჯში უნდა გაჩერებულიყო. გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის 3 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დროის ათვლის დაფაც კი ჩართო, რომელზეც რკინიგზის ახალი სადგურის მშენებლობამდე დარჩენილი დღეების რაოდენობა იყო მითითებული.

"364 დღეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოხვედრა ახალი სარკინიგზო მაგისტრალით იქნება შესაძლებელი" - ამბობდა მაშინდელი პრემიერი.

კომენტარები