ევროპა

კუნდერა, რუშდი, ფამუქი: იბრძოლეთ ევროპისთვის, თორემ მავნებლები გაანადგურებენ

მილან კუნდერა / სალმან რუშდი / ორჰან ფამუქი

ნობელიანტმა მწერლებმა და ფილოსოფოსებმა ღია წერილი გამოაქვეყნეს სათაურით "იბრძოლეთ ევროპისათვის, თორემ მავნებლები გაანადგურებენ". წერილის ავტორები მწერლები მილან კუნდერა, სალმან რუშდი, ნობელიანტები ორჰან ფამუქი და ელფრიდე იელინეკი და ფილოსოფოსი ბერნარდ-ჰენრი ლევი არიან.

მას ხელს აწერენ ვასილის ალექსიაკისი, სვეტლანა ალექსიევიჩი, ანე აპლბუმი, იანს კრისტიან გრონდალი, დეივიდ გროსმანი, აგნეს ჰელერი, ისმაილ კადარე, რიგორი კონრადი, ანტონიო ლობო ანტუნესი, კლაუდიო მაგრისი, იან მაკიუანი, ამად მიჩნიკი, ჰერტა მიულერი, ლუდმილა ულიცკაია, რობ რეიმენი, ფერნანდო სავატერი, რობერტო სავიანო, აუგენიო სკალფარი, სიმონ შამა, პიტერ შნეიდერი, აბდულა სიდრანი, ლეილა სალიმანი, კოლმ ტოიბინი, მარიო ვარგას ლიოსა და ადამ ზაგაევსკი.

ტაბულა გთავაზობთ წერილის თარგმანს:

"ევროპის იდეა საფრთხეშია.

ყველა მხრიდან კრიტიკა, შეურაცხყოფა და საერთო საქმის მიტოვებაა.

გაიძახიან "გვეყოფა "ევროპის შენება!". ამის ნაცვლად ჩვენს "ეროვნული სულს" დავუბრუნდეთ! ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი "დაკარგული იდენტობა"! პოპულისტური ძალები, რომლებმაც ჩვენს კონტინენტს ტალღასავით გადაუარეს, ამ სამოქმედო გეგმას იზიარებენ. ნუ მივაქცევთ ყურადღებას, რომ აბსტრაქტული ცნებები, როგორიცაა "სული" და "იდენტობა" ხშირად მხოლოდ დემაგოგების წარმოსახვაში არსებობს.

ევროპას ცრუ წინასწარმეტყველები ესხმიან თავს, რომლებიც სიძულვილით არიან მთვრალნი და ბოდავენ ყურადღების მისაქცევად. ის მიატოვა ორმა უდიდესმა მოკავშირემ, რომლებმაც გასულ საუკუნეში ის ორჯერ იხსნეს თვითმკვლელობისაგან; ერთი სტურის გადაღმაა, მეორე კი ატლანტის ოკეანის. კონტინენტი მოწყვლადია კრემლის ოკუპანტის თავხედურად მზარდი ჩარევების წინაშე. ევროპა, როგორც იდეა ჩვენს თვალწინ იშლება.

ესაა ის ტოქსიკური კლიმატი, რომელშიც მაისში ევროპის პარლამენტის არჩევნები გაიმართება, თუ არაფერი შეიცვლება; თუ არაფერი გამოჩნდება, რაც ამ მზარდ ტალღას შეაჩერებს; თუ წინააღმდეგობის ახალი სულისკვეთება არ გამოჩნდება, ეს არჩევნები ყველაზე დამღუპველი გახდება. გამარჯვებას მავნებლები მოიპოვებენ. მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა ერასმუსის, დანტეს, გოეთეს, კომენიუსის, ეს იქნება ყველაზე სამარცხვინო მარცხი. ინტელექტისა და კულტურის ზიზღის პოლიტიკა იზეიმებს. იქნება ქსენოფობიისა და ანტისემიტიზმის აფეთქებები. თავს კატასტროფა დაგვატყდება.

ჩვენ, ხელმომწერები, ვართ მათ შორის, ვინც უარს ამბობს გვერდზე გადგეს ამ მოსალოდნელი კატასტროფისას.

ჩვენ საკუთარ თავებს ევროპელ პატრიოტებად მივიჩნევთ (იმ ჯგუფის ნაწილად, რომელიც ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მიაჩნიათ, მაგრამ ხშირად ზედმეტად ჩუმადაა და გვერდზე გამდგარი), ვისაც ესმის, რა დევს სასწორზე.ფაშიზმის დამარცხებიდან საუკუნის სამი მეოთხედის გასვლის შემდეგ, ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, ცივილიზაციისათვის ახალი ბრძოლა მიმდინარეობს.

ჩვენ იმ დიდი იდეების გვწამს, რომლებიც მემკვიდრეობად გვერგო და მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს იყო ერთადერთი ძალა, რომელმაც წარსულში შეძლო ევროპის ხალხების საკუთარ თავზე ამაღლება. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ძალა დღესაც საკმარისად კეთილშობილია, რათა ტოტალიტარიზმის ახალი ნიშნებისაგან დაგვიცვას, რომლებსაც ძველი, ბნელი დროის ტანჯვა მოაქვს თან. ის, რაც სასწორზეა ახლა არ გვაძლევს დანებების უფლებას.

ამიტომ, ესაა ამხედრებისაკენ მოწოდება.

ამიტომ ესაა მოწოდება ქმედებისაკენ არჩევნების წინ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ევროპული იდეა მესაფლავეებს შევატოვოთ.

ამიტომ ესაა მოწოდება ევროპის ჩირაღდნის კიდევ ერთხელ ტარებისაკენ, რომელიც მისი შეცდომების, ჩავარდნების და პერიოდული სიმხდალის მიუხედავად რჩება პლანეტაზე ყველა თავისუფალი კაცისა და ქალის შუქურად.

ჩვენი თაობა შეცდა. როგორც გარიბალდის მიმდევრები მე-19 საუკუნეში, რომლებიც გაცვეთილ ფრაზასავით იმეორებდნენ "Italia se farà da sè" ("იტალია საკუთარ თავს თავად შექმნის"), ჩვენ გვჯეროდა, რომ კონტინენტი თავად გაერთიანდებოდა, ამისათვის ბრძოლის ან მუშაობის გარეშე. საკუთარ თავს ვეუბნებოდით, რომ ეს იყო "ისტორიის მიმართულება".

ჩვენ უნდა მივატოვოთ ეს ძველი რწმენა. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ჩვენ ახლა უნდა ვიბრძოლოთ ევროპის იდეისათვის, ან ვუყუროთ როგორ შთანთქავს მას პოპულიზმის ტალღა.

ნაციონალისტური და იდენტობაზე დაფუძნებული შემოტევის საპასუხოდ, ჩვენ ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ აქტივიზმის სულისკვეთება, ან მივიღოთ ის სიძულვილი და ზიზღი, რაც თავს გვახვევია და გვახრჩობს. ჩვენ სასწრაფოდ უნდა ავიმაღლოთ ხმა ამ სულისა და მორალის ცეცხლის წამკიდებლების წინაშე რომელთაც, პარიზიდან რომამდე, ბარსელონაში, ბუდაპეშტში, დრეზდენში, ვენაში, ვარშავაში გაჩერებებით, სურთ კოცონზე დაწვან ჩვენი თავისუფლება.

მაშინ როდესაც ჰორიზონტზე "ევროპის" ეს უცნაური მარცხი მოჩანს, ევროპული ცნობიერების ეს ახალი კრიზისი, რომელიც გვპირდება ყველაფრის განადგურებას, რაც ჩვენს საზოგადოებას დიდებულს, ღირსეულს, აყვავებულს ხდიდა,  1930 წლის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ლიბერალური დემოკრატიისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ გამოწვევის წინაშე."

კომენტარები