ნარკოდანაშაული

კლუბ ბასიანზე MDMA-ის შემცველი 7 აბის გაყიდვაში ბრალდებულს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კლუბ ბასიანზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"დადასტურდა, რომ ჯ.ე.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი 7 აბი, საიდანაც 2018 წლის 31 მარტიდან 2018 წლის 28 აპრილის ჩათვლით, თბილისში, ღამის კლუბ ბასიანში 2 აბი 240 ლარის საფასურად, 3 აბი 360 ლარის საფასურად და 2 აბი 240 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე" - აცხადებს პროკურატურამ.

სამართალდამცველებმა ჯ.ე. 2018 წლის 12 მაისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სამ ეპიზოდში (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება) წარედგინა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 12 მაისს ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა ბასიანსა და გალერიში მყოფ ადამიანებს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს, მოგვიანებით კი ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შეკრებილი ადამიანები დაარბიეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს სპეცოპერაცია იყო, რომელიც მათ 8 ნარკორეალიზატორის დასაკავებლად ჩაატარეს. მოგვიანებით სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეს ადამიანები არა კლუბის ტერიტორიაზე, არამედ გარეთ დააკავეს. შს მინისტრის განცხადებით, მათი მიზანი იყო, რომ ნარკორეალიზატორები კლუბებს გარეთ დაეკავებინათ, თუმცა - "ერთმა შეგვასწრო".

სპეცოპერაციის შემდეგ დროებით დაიხურა ორივე კლუბი. 

კომენტარები