სიტყვის თავისუფლება

გირჩი: ცილისწამებაზე კანონი ძალაუფლების მქონეებისთვის სადამსჯელო ინსტრუმენტი იქნება

გირჩი ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონში სავარაუდო ჩანაწერის გაკეთებას ეხმაურება.

პარტია პატრიოტთა ალიანსის, პრეზიდენტის, პატრიარქისა და პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ და მიიჩნევს, რომ ეს განცხადებები უბრალო დამთხვევა ვერ იქნება. 

"სადღაც სერიოზულად ფიქრობენ ქვეყანაში შეზღუდონ სიტყვის თავისუფლება და ეს შეზღუდვა გაამართლონ ცილიწამების, "რელიგიური გრძნობების" თუ უბრალოდ შეურაცხყოფის დაუშვებლობით.

ზოგადად, სიტყვის თავისუფლების მთელი არსი მდგომარეობს სწორად იმაში, რომ დაცული იყოს გამოხატვის ისეთი ფორმები, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია, გამაღიზიანებელია, გასაბრაზებელია და გასაგიჟებელიც შეიძლება იყოს.

"გენაცვალეს" და "შენი ჭირიმეს" დაცვა არ სჭირდება,"- წერს გირჩი. 

პარტიის განცხადებით, შეურაცხყოფა სუბიექტური აღქმის საკითხია და სხვადასხვა ადამიანისთვის შეურაცხმყოფელი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს. შესაბამისად, მათი განცხადებით, შეუძლებელია უნივერსალური ფორმულის მოფიქრება და კანონით განსაზღვრა, კონკრეტულად რისი თქმა ან დაწერა უნდა გახდეს დასჯადი. 

პარტიის თქმით, კიდევ უფრო რთულია ცილისწამების კრიმინალიზება, რადგან ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ კონკრეტული "რეპუტაციის შემლახველი" ფრაზის ავტორმა წინასწარ იცოდა, რომ ტყუილს ამბობდა. 

"ორივე შემთხვევაში, დანაშაულის ფაქტის სასამართლოს მიერ დადასტურება ურთულესი ამოცანაა ყველგან, სადაც არსებობს ასეთი კანონმდებლობა, მაგრამ საერთოდ შეუსრულებელი - მურუსიძის სასამართლოს პირობებში.

შესაბამისად, გასაგებია რომ, მიღების შემთხვევაში, ამ კანონს ექნება ერთადერთი ფუნქცია - ის იქცევა სადამსჯელო ინსტრუმენტად ძალაუფლების მქონეთა ხელში.

გირჩისთვის თავისუფლება არის არსებობის აზრი. ჩვენთვის სიტყვის თავისუფლება არის არა უბრალოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება, არამედ მექანიზმი, რომლითაც ჩვენ ვარკვევთ სიმართლესა და ტყუილს, ცუდსა და კარგს, ბოროტსა და კეთილს. შესაბამისად, არ არსებობს დედამიწაზე ძალა, რომელიც გირჩს ამ მექანიზმის სრულყოფილად გამოყენების უფლებას თუნდაც ოდნავ მაინც შეუზღუდავს.

მითუმეტეს, რომ, მაღალი ალბათობით, ჩვენი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის იდეის კანონად ქცევას, ის ინსტიტუტი შეეცდება, სადაც ჰაერიდან მოტანილი იმუნიტეტით დაცულნი, პერიოდულად, ერთმანეთს არათუ აგინებენ, თავპირსაც ამტვრევენ, ხოლო იდეის ინიციატორი ის ინსტიტუტია, სადაც ერთმანეთს ციანიდით დასდევენ მოსაკლავა," - წერია გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა ცილისწამების კანონის საჭიროების საკითხი მეორედ დააყენა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ თემაზე აუცილებელია ფართო დისკუსიები. მისივე თქმით, ცილისწამების შესახებ კანონი არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში სიტყვის თავისუფლებასთან.

პირველი განცხადება ამ თემაზე პრეზიდენტმა საახალწლო მილოცვის დროს გააკეთა. მისი თქმით, "ყველა გამოცდას თან ახლავს ცხოვრებისეული გაკვეთილი. იმისათვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას დაადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც, ისე, როგორც ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. ასევე, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციებისა და დეზინფორმაციისაგან, რათა საზოგადოებამ დაიბრუნოს სიმშვიდე და საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას".

ამის შემდეგ, ცილისწამებაზე საშობაო ეპისტოლეში ისაუბრა საქართველოს პატრიარქმა. მისი თქმით, "არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისაც". ილია მეორის აზრით, სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, "მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა". პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში წერია, რომ "დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, - გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, - ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს". 

საქართველოს პატრიარქის ამ თემაზე ყურადღების გამახვილებისთვის მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, "სიტყვით ძალადობა", ცილისწამება, სიცრუე და ბილწსიტყვაობა ძალიან სერიოზული პრობლემაა. გუშინ, 12 იანვარს კი პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ "აქ საუბარია არა მარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე, რაც ისმის ყოველდღიურად, როგორც სატელევიზიო სივრცეში, სოციალურ ქსელებში, ასევე სხვა ფორმით და ბილწსიტყვაობაც კი გახდა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, სამწუხაროდ, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ქართულ კულტურას, ჩვენი საზოგადოების კულტურას".

ცნობისთვის, საქართველოს კანონმდებლობაში ცილისწამება 2004 წლამდე არსებობდა. თუმცა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ახალი კანონით ქვეყანა გამოხატვის თავისუფლების უფრო მაღალ სტანდარტზე გადავიდა და ეს ცნება ამოიღო. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ცილისწამება საერთოდ არ არის დასჯადი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით ყველას შეუძლია იჩივლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.

კომენტარები