უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

პარლამენტი მოსამართლეების სიას არ გაიწვევს, თუმცა ეს სია განახლდება

იმედი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ ამას ექნება უკუძალა, თუმცა არსებული სიის გაწვევა იურიდიულად შეუძლებელია. ჟურნალისტების კითხვას - როგორ მოხდება სიის განახლება, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ ეს ტექნიკური დეტალია და "ბევრი ფორმა შეიძლება მოვიფიქროთ".

"არსებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ იქნება შემუშავებული პროცედურა და კრიტერიუმები და შემდეგ იქნება განახლებული სია წარმოდგენილი. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სიის განახლება, ეს არის ტექნიკური დეტალები და ბევრი ფორმა შეიძლება მოვიფიქროთ ამისთვის, ანუ განახლებისთვის - შეიძლება იყოს ფორმალური ჩაგდების პროცედურა კონკრეტული კანდიდატებისთვის, კანონში გარდამავალ დებულებებში ცვლილებები ან სხვა რამ. მაგრამ მთავარი არის პოლიტიკური ნება და ის მდგომარეობს იმაში, რომ ჯერ უნდა გაიწეროს პროცედურა და კრიტერიუმები და ამის საფუძველზე იყოს წარმოდგენილი ახალი სია. დანარჩენი არის ტექნიკური დეტალები და არ იქნება სწორი ამ ტექნიკური და იურიდიული დეტალების გამოყენება პოლიტიკური სპეკულაციებისთვის", - ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმების შემუშავება იგეგმება და ამას სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი გააკეთებს.

"ვისაუბრეთ დეტალურად იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა არჩევის პროცესი. ზოგადი განცხადება ჩვენ უკვე გვაქვს გაკეთებული ამასთან დაკავშირებით. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ უნდა შემუშავდეს პროცედურა, კრიტერიუმები და ამის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. მთავარია ჩვენთვის ის, თუ როგორ წარიმართება თავად პროცედურისა და კრიტერიუმების გაწერის პროცესი და ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა ჩვენ მსჯელობა. ვფიქრობთ, რომ საუკეთესო ფორმატი ამისათვის არის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი. ეს ჯგუფი უკვე დიდი ხანია შექმნილია, გასული წლის განმავლობაში ამ ჯგუფის მუშაობას წარვმართავდი მე. აქ არიან წარმოდგენილი პარლამენტის წევრები, ზოგადად სამივე შტო არის ხელისუფლების წარმოდგენილი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფში დეპუტატების გარდა, წარმოდგენილია მთავრობა - იუსტიციის სამინისტროს სახით, სასამართლო ხელისუფლება და მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი, ასევე საერთაშორისო პარტნიორები, ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

"ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო ფორმატი, სადაც არის შესაძლებელი მსჯელობა პროცედურაზე, კრიტერიუმებზე, თუ რა სახით უნდა გაიწეროს ისინი, რა დონის საკანონმდებლო აქტით და ა.შ. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ დეტალურად სამუშაო ჯგუფის ფორმატში", - აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში უნდა დაიგეგმოს და ჩაინიშნოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც ამ საკითხებზე მსჯელობას დაიწყებენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევს.

სიას მოწინააღმდეგეები ჰყავს ქართულ ოცნებაშიც, მათ შორის არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. სწორედ ეს სახელდება მმათველ გუნდში ბოლოდროინდელი დაპირისპირების ოფიციალურ მიზეზად. 

კომენტარები