სასამართლო რუსეთში

რუსეთში სამთო მოთხილამურე კამერიანი სათვალის გამოწერის გამო 15 000 რუბლით დააჯარიმეს

რუსეთში, კუიბიშევსკის რაიონულმა სასამართლომ ადგილობრივი მცხოვრები, სამთო მოთხილამურე ალექსეი ჟავორონკოვი 15 000 რუბლით დააჯარიმა იმის გამო, რომ მან AliExpress-ზე კამერიანი სათვალეები შეიძინა. 

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Город новостей ავრცელებს. 

ჟავორონოკი დამნაშავედ უკანონო ტექნიკური საშუალების ყიდვის გამო სცნეს. 

2017 წლის შემოდგომაზე სამთო მოთხილამურე ჟავორონკოვმა კამერიანი სათვალე შეიძინა, რათა საკუთარი სრიალი გადაეღო. სათვალე, რომელიც მას 2 000 რუბლი დაუჯდა, 2017 წლის ოქტომბერში ჩინეთიდან ნოვოკუზნეცკისკენ გაიგზავნა. ეკატერინბურგის აეროპორტში გზავნილი მესაზღვრეებმა შეაჩერეს, რადგან ასეთი სათვალე რუსეთში აკრძალულია. 

მამაკაცის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. მისი კოლეგა, რომლისგანაც ის სათვალის ყიდვასთან დაკავშირებით რჩევებს იღებდა, საქმეში მოწმედ გამოიკითხა. 

ჟავორონკოვი ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, მან არ იცოდა, რომ ასეთი სათვალეები კანონით აკრძალულია, გამომდინარე იქიდან, რომ მისი გამოწერა ინტერნეტიდან თავისუფლადაა შესაძლებელი. ამასთან, მოთხილამურემ აღნიშნა, რომ მას არც შეეძლო ამ სათვალეებით "უკანონო ინფორმაციის" შეგროვებას ვერ შეძლებდა, რადგანაც სათვალე მას მახსოვრობის ბარათის გარეშე გამოუგზავნეს. 

2018 წლის დეკემბერში რუსეთის უზენაესი სასამართლოს პლენუმმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, აღარ სჯიან იმ მოქალაქეებს, რომლებიც მსგავსი ტიპის აკრძალულ ტექნიკას შეიძენენ თავიანთი უსაფრთხოებისა ან ცხოველების დასაცავად და არ აპირებდნენ სხვა ადამიანების დევნას. ამასთან, სასამართლომ აკრძალა იმ ადამიანების თვალთვალი, რომლებმაც ინტერნეტის საშუალებით მსგავსი ტექნიკა შეიძინეს და არ იცოდნენ ამ ხელსაწყოების ჯაშუშური გამოყენების შესაძლებლობებზეც. 

2017 დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პირობა დადო, რომ ამ საკითხში გაერკვეოდა, მას შემდეგ, რაც დიდ პრესკონფერენციაზე მას მოუყვნენ რუსი ფერმერის საქმის შესახებ, რომელმაც ძროხის სათვალთვალოდ ჩინეთიდან GPS-თრექერი გამოიწერა. ფერმერის საქმე 2018 წლის მარტში დაიხურა.

კომენტარები