"აღმასრულებელი ხელისუფლება არასდროს უნდა ჩაერიოს ხელისუფლების სხვა შტოში მიმდინარე პროცესებში", - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ 2018 წლის ბოლო მთავრობის სხდომის დაწყებამდე, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერმინისტრმა ეკა ბესელიას მიერ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს ეკა ბესელიას პირადი პოზიციაა და მას აქვს ამის უფლება.
"ეს არის ქალბატონი ეკას პირადი პოზიცია. ბუნებრივია, მას აქვს ამის უფლება და მან, მე ვფიქრობ, განმარტება გააკეთა. თუ კონკრეტულად მე მეკითხებით, რა თქმა უნდა, ჩემი პოზიცია აუცილებლად და ყოველთვის იქნება ის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არასდროს უნდა ჩაერიოს ხელისუფლების სხვა შტოში მიმდინარე პროცესებში. ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოზე, თქვენ მოგეწონებათ, რომ როგორც ხდებოდა, ქვეყნის პირები ურეკავდნენ მოსამართლეებს და თავის მოსაზრებებს ეუბნებოდნენ? ვფიქრობ, ეს არის სრულიად მიუღებელი. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას, გვაქვს ძალიან ახალი და გამართული კონსტიტუცია და ყველამ ამ კონსტიტუციის ფარგლებში უნდა ვიმუშაოთ", - ამბობს მამუკა ბახტაძე.
ამასთან, ეკა ბესელიას განცხადებაზე დასმულ შეკითხვას, რომ ის ელოდებოდა მისი მოადგილის ვაზო ზარდიაშვილის განცხადებას გადადგომის შესახებ, რადგან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად მას ვერ დატოვებდა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ "ღმერთმა არ ქნას" ყველა საკითხე აზრთა ერთობლიობა იყოს, - "ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, რაშიც პოლიტიკური გუნდი თანხვედრაშია. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური, ცოცხალი პროცესი და შესაძლოა ყველა ადამიანს ჰქონდეს თავისი კონკრეტული შეხედულება და ის თავისუფალია თავის არჩევანში, იმ კომუნიკაციაში რაც მას აქვს საზოგადოებასთან."
ცნობისთვის, დღეს ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან დღეს პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ბესელიამ საკუთარი გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს დაუკავშირა.





