აქცია კახეთში

უგულავა: ქვეყანას დღევანდელი კრიზისიდან პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნები გამოიყვანს

გიგი უგულავა
ტაბულა

"ქვეყანას დღევანდელი კრიზისიდან პროპორციული წესით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გამოიყვანს," - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა. უგულავას თქმით, მთელი საზოგადოება, ქართული ოცნების გარდა, თანხმდება, რომ არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. უგულავამ დღეს ოპოზიური პარტიების კოორდინირებულად მუშაობის აუცილებლობაზეც ისაუბრა. 

"საზოგადოების დაკვეთა არის ოპოზიციური კოორდინაცია, საზოგადოება ხედავს ოპოზიციურ პარტიებს შორის განსხვავებებს, მაგრამ ამავდროულად გვეუბნება, დაჯექით მოილაპარაკეთ და იყავით კოორდინაციაში, მოიფიქრეთ ახალი ფორმები მათ შორის, რადიკალური ბრძოლის, იმისათვის, რომ შედეგი დადგეს. შედეგი, რომელზეც ყველანი ვთანხმედებით ეს არის პროპორციული საპარლამენტო არჩევნები. ეს არის თემა რომელიც გამოიყვანს ქვეყანას დღევანდელი კრიზისიდან. რაც უფრო გაწელავს ქართული ოცნება დროს, რაც უფრო მეტი რესპრესიები წავა, რაც უფრო მეტ ძალადობის სპირალში შევა, მით უფრო დამძიმდება ქვეყნის მდგომარეობა. პასუხიმგებელი ძალადობაზე, სიტუაციის რადიკალიზაციაზე არის ერთპირობნულად ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. რომელმაც საზოგადოებას შესთავაზე ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ომი, რომლისგანაც გამოსავალი არის პროპორციული საპარლამენტო არჩევნები." - ამბობს უგულავა.

უგულავა გუშინ კახეთში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა. უგულავას თქმით, გუშინ კახეთში პოლიციას ჰქონდა მიღებული უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული დავალება, რომ ადამიანებისთვის ხელი შეეშალათ თავისუფლად გადაადგილებაში და აზრის გამოხატვაში, რაც კონსტიტუციის უხეში დარღვევაა და ამაზე პასუხიმგებელი გახარიაა. 

"ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ მუქარას, მუქარას საზოგადოების მიმართ, მუქარას ოპოზიციის მიმართ. ეს არის ძალიან სახიფათო ქვეყნისთვის, ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის, ეს არის ძალიან სახიფათო თითოეული ადამიანისთვის." - ამბობს უგულავა.

გუშინ, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად კახეთში ძალა ერთობაშიას წევრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. პოლიციას გზები ჰქონდა გადაკეტილი და  აქციის მონაწილეებს თელავისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა.

 

კომენტარები