აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო

CIA-ს დირექტორი კონგრესს ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შესახებ დასკვნას გააცნობს

ჯინა ჰასპელი
Reuters

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯინა ჰასპელი კონგრესს საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შესახებ მათ დასკვნას გააცნობს.

ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს მოკლეს. საუდის არაბეთმა მკვლელობასთან კავშირის გამო 21 პირი დააკავა, 11-ს ბრალად უშუალოდ მკვლელობაში მონაწილეობა ედება, მათგან 5-ს სიკვდილით დასჯა ემუქრება. თანამდებობიდან გაათავისუფლეს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის მრჩევლებიც, თუმცა სამეფო ოჯახი მკვლელობასთან კავშირს ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს.

ამერიკული მედია კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშში არ არის სამხილები, რომლებიც ტახტის მემკვიდრეს მკვლელობასთან პირდაპირ აკავშირებს, თუმცა ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ მკვლელობის განსახორციელებლად მისი თანხმობა აუცილებელი იქნებოდა. თურქული გამოცემა Hurriyet წერს, რომ CIA-ს აქვს ჩანაწერი, სადაც მუჰამედ ბინ სალმანი ხაშოგის "სასწრაფოდ გაჩუმებას" მოითხოვს.

გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და თავდაცვის მდივანმა ჯეიმზ მეტისმა სენატორებს უთხრეს, რომ მსგავსი მტკიცებულება არ არსებობს.

ამავე პოზიციაზეა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მისი თქმით ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს არ დაუდგენია, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, მუჰამედ ბინ სალმანს ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან რაიმე კავშირი აქვს.

"მე მაქვს ანგარიში. მათ არ დაუდგენიათ, არ ვიცი ვინმე შეძლებს თუ არა დაადგინოს, რომ ეს პრინცმა მუჰამედმა გააკეთა. გააკეთა ეს თუ არა, ის ამას სასტიკად უარყოფს. მისი მამაც, მეფეც სასტიკად უარყოფს." უთხრა მან ჟურნალისტებს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო 17 პირს სანქციები უკვე დაუწესა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით სანქციების სიაში შესული პირები საუდის არაბეთის სამეფო კარზე მაღალ თანამდებობებს იკავებენ და მათ შორის რამდენიმე სამინისტროების და მთავრობის თანამდებობის პირია.

კომენტარები