საქართველოს ეროვნული ნაკრები

ვლადიმირ ვაისმა და ლევან კობიაშვილმა შესარჩევი ციკლის წილისყრა შეაფასეს

GFF.GE

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ვლადიმირ ვაისის კომენტარს ავრცელებს. წილისყრა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც შეაფასა.

ვლადიმირ ვაისი: "რეიტინგის მიხედვით ფავორიტები შვეიცარია და დანია არიან. ირლანდიაც ასევე, ჩვენთვის ნაცნობის გუნდია, რომელთანაც მუდმივად გვიწევს დაპირისპირება.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყოველი თამაში მნიშვნელოვანია. შევხედავთ როგორ გადანაწილდება სათამაშო განრიგი. მარტში ვითამაშებთ ერთ თუ ორ თამაშს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი პროგრამა. თამაშიდან თამაშამდე მოვემზადებით. ხელებს არ ვუშვებთ, თუმცა შვეიცარია ძალიან რთული მეტოქეა, ისევე როგორც დანია. მაგრამ ჩვენ ყველასთან ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, ისეთი სახელი მოვიხვეჭეთ, რომ საქართველოსთან დაპირისპირებაც არავის უნდა. ყველა ამბობს, რომ რთული იქნება საქართველოში თამაში, ამიტომ, ვეცდებით ვაჩვენოთ ხარისხიანი ფეხბურთი, ვიბრძოლებთ ყველა ქულისთვის და ჯგუფიდან გასვლისთვის. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, ჩვენ ვერ დაველოდებით მხოლოდ 2020 წელს, სადაც უკვე ცნობილია,რომ ერთა ლიგის პლეიოფში უნდა ვითამაშოთ. ჩვენ ახლა მომდევნო სეზონისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც 2019 წელს დაიწყება. კიდევ უნდა გავიზარდოთ, ისე როგორც ამ სეზონში. საქართველოს ნაკრებმა უნდა განაგრძოს განვითარება.

რთულია, თქვა რომელი გუნდი უფრო ძლიერია, შვეიცარია თუ დანია. ჩვენს ჯგუფშია ირლანდიაც, რომელიც ასევე კარგი გუნდია. რა თქმა უნდა, აუტსაიდერი გიბრალტარია, მაგრამ მხოლოდ ფურცელზე. შევხედავთ, როგორი კალენდარი გვექნება. მნიშვნელობა აქვს იმასაც თუ სად ვითამაშებთ პირველ თამაშს, შინ თუ გასვლაზე. მთავარია გუნდი იყოს საკუთარ ძალებში დარწმუნებული. რა თქმა უნდა, ფავორიტი შვეიცარიაა, რომელმაც ეს დაამტკიცა ერთა ლიგის გათამაშებაზე, სადაც ბელგიაც დაამარცხა. ეს ამტკიცემს ამ გუნდის ხარისხს, გამოცდილი მწვრთნელი ჰყავთ.

დანია მსოფლიო ჩემპიონატზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ჰყავთ ვარსკვლავური გუნდი, მაგრამ ჩვენ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა, განსხვავებულად ვითამაშებთ იმიტომ, რომ განსხვავებული დონის მეტოქეებს ვეთამაშებით.

ჩვენ ვითამაშებთ იმ ჯგუფში, სადაც ხუთი გუნდია, ამიტომ ამხანაგურ მატჩებში კარგი მეტოქეები უნდა შევარჩიოთ. . არ აქვს მნიშვნელობა რომ ჯგუფში ხუთნი ვართ, ჩვენთვის თითოეული ამხანაგური მატჩიც მნიშვნელოვანია, გულშემატკივრებისთვის, რეიტინგისთვის, ფეხბურთელების გამოცდილებისთვის.

ბედნიერი ვიქნები, თუ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად იქნება. ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ წამყვანი მოთამაშეები, ვინც ერთა ლიგა ტრავმის გამო გამოტოვა, დაბრუნდნენ ძლიერები, რათა ყოველ პოზიციაზე კონკურენცია იყოს. ის, რომ ყაზახეთთან მატჩზე 52 ათასზე მეტი გულშემატკივარი მოვიდა, შესანიშნავია. სავსე სტადიონი ნიშნავს იმას, რომ ქართველებს ფეხბურთი და ეს ნაკრები უყვართ. ამას ვაფასებ და შემიძლია ვთქვა, ამაყი ვარ, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებთ კარგი შედეგისთვის."

ლევან კობიაშვილი:"შეიძლება ყოფილიყო უფრო რთულიც და უფრო იოლი ჯგუფიც. საერთო ჯამში, ვიტყოდი, რომ დაბალანსებული ჯგუფია. ვფიქრობ, ძალიან თანაბარი თამაშები იქნება. მიმაჩნია, რომ შეიძლება ბევრი მატჩი ფრედ დასრულდეს. ფაქტია, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება განსაკუთრებით სახლის თამაშები, რათა პირველი და მეორე კალათის გუნდებს ქულები წავართვათ. საინტერესო თამაშები იქნება, მთავარი და მნიშვნელოვანია, როგორი იქნება კალენდარი, ვისთან დავიწყებთ, როგორი იქნება. ერთადერთი გული იმაზე დამწყდა, რომ ხუთგუნდიან ჯგუფში ვართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორი ამხანაგური თამაშის დაგეგმვა მოგვიწევს. ჩემი სურვილი იყო, რომ ექვსგუნდიან ჯგუფში მოვხვედრილიყავით, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ.

სახლის თამაში იმ ფონზე, რომ სტადიონი ივსება, ძალიან დიდი პლიუსია და ეს ვიგულისხმე, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საშინაო თამაშები, რომ იქ მოვახერხოთ ქულების აღება და თამაშის მოგება, განსაკუთრებით პირველ სამ გუნდთან. მგონია, რომ ძალიან დაძაბული ჯგუფი იქნება, შვეიცარიაც, დანიაც და ირლანდიაც კარგად დაკომპლექტებულია. სამივე გუნდს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის."

 

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფის სრული კალენდარი:

23/03/19 საქართველო - შვეიცარია
27/03/19 ირლანდია - საქართველო

07/06/19 საქართველო - გიბრალტარი
10/06/19 დანია - საქართველო

08/09/19 საქართველო - დანია

12/10/19 საქართველო - ირლანდია
15/10/19 გიბრალტარი - საქართველო

15/11/19 შვეიცარია - საქართველო

კომენტარები