"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაიწყოს გამოძიება ენმ-ს მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებულ ხმებთან დაკავშირებით.
ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა.
"როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, ვითხოვ საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება "ნაციონალური მოძრაობის" თითქოსდა 780 000 ამომრჩევლის რეალურობის დადგენის მიზნით. პირდაპირ და მკაფიოდ ვამბობ, ადგილი აქვს პოლიტიკურ აფერისტობას და ამ აფერისტობაში მონაწილეობს, როგორც სააკაშვილ-ბოკერია, ისე მონაწილეობენ "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან კონკრეტული თანამდებობის პირები",- ამბობს ინაშვილი.
მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრობას" ერთი და იგივე აქტივი ჰყავს, რომელიც ან ფილარმონიშია და ხან პარლამენტის წინ.
"თუ პარტიას რეალურად ჰყავს 780000 ამომრჩეველი, მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე რატომ მოდის 3000 ადამიანზე ნაკლები? შეუძლებელია რეალურად გყავდეს 780000 ამომრჩეველი და შენს მიერ ორგანიზებულ მიტინგზე არ იდგეს მინიმუმ 30 000 ადამიანი. ყველას ესმის ეს, რომ ასეა და დიდი ფილოსოფია და დიდი ანალიზი ამას არ სჭირდება. თანაც დააკვირდით, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ერთი და იგივე აქტივი ჰყავს. 3 000 კაცის ფარგლებში, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ ფილარმონიის დარბაზში და შემდეგ ვხედავთ პარლამენტის შენობის წინ",- აღნიშნა ინაშვილმა.





