"ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სრულიად იზიარებს იმ იდეებს, რასაც გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო კამპანიაში ნათქვამი იყო.
"ეს პროგრამა დავწერე მე თვითონ. რა თქმა უნდა ჩემი მეგობრობისა და იმ ადამიანების არჩევნებით და მონაწილეობით, რომლებსაც შიდა პოლიტიკა გაცილებით უკეთ ესმოდათ ვიდრე მე. მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით და ის სრულიად იზიარებს იმ ყველაფერს, რასაც საარჩევნო კამპანიაში ნათქვამი იყო. თვითონ ამბობს, რომ ეს გრიგოლ ვაშაძის კამპანია არის",- ამბობს ვაშაძე გადაცემა "კვირის აქცენტებში".
მისი თქმით, სააკაშვილმა ღვთისგან მივიწყებული გეოგრაფიული ერთეული მოქმედ სახელმწიფოდ გადააქცია.
ვაშაძემ დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" რამდენჯერმე ბოდიში მოიხადა და თუ საჭირო გახდა კიდევ მოიხდის.
რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, ვაშაძე ამბობს, რომ სააკაშვილი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა უნდა დასრულდეს.
"გაერთიანებული ოპოზიცია შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ ერთ პირობით, რომ ლოზუნგი რისთვისაც ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები ხორციელდება არის ჯერ ერთი იმისთვის, რომ დამთავრდეს ერთპიროვნული მმართველობა და ყველა გადაწყვეტილება მიიღება პარიტეტული გადაწყვეტილების გზით",- აღნიშნა მან.
მისივე თქმით, სააკაშვილის განცხადება, საყოველთაო დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, რომელიც მან ეგზიტპოლების გამოცხადებისთანავე გააკეთა, ემოციური ფონი იყო.
"ყველა ადმიანს ემოციები აქვს. მაშინ როდესაც არჩევნებს გპარავენ. მე სხვა ტემპერამენტი მაქვს, ზოგს სხვა ტემპერამენტი აქვს. ემოციები და ნერვები უნდა დავტოვოთ წარსულში. ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როგორც ერი, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს სახელმწიფო",- ამბობს გრიგოლ ვაშაძე.





