არჩევნები 2018

მიკროსაფინანსოთა ასოციაცია: საკამათოა, რამდენად სამართლიანია კეთილსინდისიერ გადამხდელებთან

Amy Lombard / Bloomberg Businessweek

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით, "არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, რაც არ უნდა დიადი მიზნებით ვიხელმძღვანელოთ, ამ ტიპის ადამიანებზე გავრცელდეს მსგავსი შეღავათები". ბესიკ შენგელიას თქმით, ე.წ შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის ვალების განულების ინიციატივა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ფარგლებში არ განუხილავთ. 

“პრემიერის ინიციატივას დღეს გავეცანი და ნაწილობრივ მედიის საშუალებით გავიგე, რა ხდებოდა. ასოციაციის ფარგლებში არ ყოფილა მოლაპარაკება. ეროვნულ ბანკთანაც მქონდა დღეს კომუნიკაცია და აღმოჩნდა, რომ ძალიან სწრაფად მოხდა ამ შეხვედრის ორგანიზება. ამ შეხვედრას ძირითადად ბანკები ესწრებოდნენ, იყო რამდენიმე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაც. შაბათს ყოფილა ეს შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში. სულ რამდენიმე წუთის წინ მოგვაწოდეს დრაფტი ამ შეთანხმების“,- თქვა შენგელიამ ინტერპრესნიუსის ცნობით და აღნიშნა, რომ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება.

"ცალკეული შემთხვევებია გასავლელი. შეიძლება იყოს ისეთი შემთხვევები, როდესაც არის ფინანსური დანაშაული ჩადენილი ორგანიზაციის წინააღმდეგ და ამაში არიან გარეული ცალკეული მსესხებლები ან მსესხებელთა ჯგუფები. არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, რაც არ უნდა დიადი მიზნებით ვიხელმძღვანელოთ, ამ ტიპის ადამიანებზე გავრცელდეს მსგავსი შეღავათები. ჯერ ისედაც საკამათო საკითხია, რამდენად სამართლიანია იგივე კეთილსინდისიერ გადამხდელებთან მიმართებაში ეს ინიციატივა. ძალიან ბევრი საკითხია შესასწავლი“,- განაცხადა შენგელიამ.

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს, 15-დან 31 დეკემბრამდე, დავალიანებები გაუნულდება. მისი თქმით, "ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებებისას", როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა "სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა". დავალიანება ჩამოეწერება "შავ სიაში" მყოფ იმ ადამიანებს, რომელთა სესხის დარჩენილი ძირი თანხა არ აღემატება 2 ათას ლარს. ამასთან, ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვივუსმა ვალების განულების პროგრამაში მონაწილეობაზე უარი თქვა და შესაბამისად, მის "შავ სიაში" მყოფ კლიენტებს დავალიანება არ გაუნულდებათ. მთავრობის ინფორმაციით, ბანკებისგან და საფინანსო ორგანიზაციებისგან მოქალაქეთა დავალიანებას "ქართუ" გამოისყიდის და ამაში მილიარდნახევარს გადაიხდის.

აღსანიშნავია, რომ გუშინ "ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები ჩამოაწერონ და ეს თანხა მთავრობამ გადაიხადოს. ვაშაძის განცხადების შემდეგ ბრიფინგი გამართა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და თქვა, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, 19 ნოემბერს პრემიერი ინიციატივას წარადგენდა და მთავრობის "მასშტაბურმა და პრინციპულმა გადაწყვეტილებამ" ნაციონალური მოძრაობა შოკში ჩააგდო. ქართული ოცნების წევრების მტკიცებით, ენმ-მ წინასწარ გაარკვია, რომ მთავრობას "ასეთი რაღაც აქვს დაანონსებული" და პარალელურ რეჟიმში "იაფფასიანი სპექტაკლი დადგეს". 

კომენტარები