2008 წლის ომი

მეჩითოვი: 2008 წელს დავბომბეთ ცხინვალი, ქართული ქალაქი, ჩვენ დავიწყეთ ომი, აბა, არა?

კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ფოტოგრაფ იური მეჩითოვის თქმით, 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო.

"2008 წელს, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენ დავიწყეთ ეს პროვოკაცია სააკაშვილის თამადობით, დავბომბეთ ცხინვალი, ქართული ქალაქი, მართალია, მანდ არავინ არ იყო, როგორც ამბობენ, მაგრამ ასეც არ იყო მთლად და სწორედ ამ ავანტიურით დაიწყო ეს ომი" - ამბობს მეჩითოვი რუსთავი 2-თან საუბარში.

კითხვაზე, "ანუ ჩვენ დავიწყეთ ომი?", კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ასე პასუხობს - "აბა, არა? აბა, არა? თქვენ საერთოდ ჭკუაზე ხართ? თქვენ არ გინახავთ სააკაშვილის გამოსვლები, მაშინ? ეს ხომ ათი წლის წინ იყო და არა 29 ან 2000 წლის წინ. დიდგორის ბრძოლაზე ხომ არ ვსაუბრობთ, ქალბატონო?".

კითხვაზე, "ეს არ არის მოღალატეობრივი პოზიცია?", მეჩითოვი ამბობს, რომ - არა.

"არ არის. მოღალატეობა და ანტისახელმწიფოებირივი მოქმედება არის ის, რომ ჯიუტად ვამბობთ, რომ, ეს არ იყო ასე. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია, რომელიც ჩვენ გვაშორებს აფხაზეთთან, გვაშორებს ოსეთთან და გვაშორებს ნებისმიერ მოლაპარაკებასთან, როცა ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რაც უკვე დაწერილია, რაც უკვე აღიარებულია მთელ მსოფლიოში... დავამთავროთ ამით, დავამთავროთ, საქართველომ დაიწყო ზუსტად ომი პრეზიდენტის სახით" - თქვა მეჩითოვმა, რომელიც ქართული ოცნების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ღია მხარდამჭერია.

10 წლის წინ, რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

გორის მუნიციპალიტეტში ვითარება აგვისტოს დასაწყისში დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. საქართველოს საზღვარზე როკის გვირაბისა და ფსოუს მდინარის გავლით, 15 ათასზე მეტი რუსი სამხედრო შემოვიდა. ქართულმა შენაერთებმა ცხინვალი დაიკავეს, თუმცა რუსული ავიაციის იერიშის შემდგომ უკან დაიხიეს.

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

რუსეთის 58-ე არმიამ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების კონტროლირებად ტერიტორიებთან ერთად ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევიც დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ომამდე, ივლისში რუსეთმა საქართველოს საზღვრებთან დიდი სამხედრო მანევრები  - კავკაზ 2008 ჩაატარა. წვრთნების შემდეგ სამხედრო ნაწილები საქართველოს საზღვრებთან რჩებოდნენ. მრავალი წყარო და დოკუმენტი ადასტურებს, რომ ღია კონფლიქტის დაწყების წინ რუსულმა რეგულარულმა ნაწილებმა როკის გვირაბით საქართველოში მალულად შემოსვლა დაიწყეს.

კომენტარები