ნასვამ მძღოლს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
"დადგინდა, რომ 2018 წლის 13 ივლისს, ა.თ. მთვრალ მდგომარეობაში მართავდა "სუბარუ ლეგასი“-ს მარკის ავტომობილს და ახმეტის რაიონიდან თელავის რაიონის მიმართულებით გადაადგილდებოდა. თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მან „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 ქვეპუნქტის დაარღვია და გზის სავალი ნაწილის შემხვედრ, საპირისპირო ზოლში გადავიდა, რა დროსაც ჯერ მ.პ.-ს მართვის ქვეშ მყოფ „ოპელ მერივა“-ს მოდელის ავტომობილს, შემდეგ კი საპირისპირო ზოლში მარჯვენა გვერდულზე მდგარ ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ა.თ.-ს ავტომობილში მყოფი მ.გ. გარდაიცვალა, ხოლო უ.ნ.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო" - აცხადებს პროკურატურა.
სამართალდამცველებმა ა.თ 2018 წლის 16 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში) წარედგინა.





