7 ნოემბერი

ხოშტარია: 7 ნოემბრის ძალადობა კარვების გაშლით დაიწყო, დღეს კარვებს ართმევენ ზაზა სარალიძეს

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატის ელენე ხოშტარიას შეფასებით, 2007 წლის 7 ნოემბრიდან 11 წლის თავზე, ქართული ოცნების ხელისუფლება თავად თელავს ადამიანის უფლებებს. მისი თქმით, ამისთვის საზოგადოებამ როგორც წინა ხელისუფლება დასაჯა, ისე გამოუტანს განაჩენს ამ ხელისუფლებასაც.

"რასაც ჩვენ ვუყურებთ, ამ ხელისუფლებამ გამოიტანა გაკვეთილი, რომ გათელოს ადამიანის უფლებები, რუსთაველზე, ზუსტად იმ ადგილას, სადაც 7 ნოემბრის აქციები იმართებოდა, დაუხიოს და წაართვას კარვები ზაზა სარალიძეს. ხელისუფლებამ ის გაკვეთილი გამოიტანა, რომ საზოგადოებას ისევ ემუქრებოდეს სამოქალაქო დაპირისპირებით, ებრძოდეს რუსთავი 2-ს. 11 წლის თავზე, ხელისუფლება, რომელიც მოვიდა სწორედ იმ ტალღაზე, რომ წინა ხელისუფლებაში იყო ადამიანის უფლებების პრობლემები, თავად სასტიკად თელავს ამ ადამიანის უფლებებს.

როგორც წინა ხელისუფლება დაისაჯა ამისთვის (რომელიც პარალელურად ბევრ რამეს აკეთებდა, სხვათაშორის), ეს ხელისუფლებაც აუცილებლად უნდა დაისაჯოს, რომ ყველა მომავალმა ხელისუფლებამ იცოდეს - 1. უნდა ებრძოდე პრობლემას და არა ადამიანებს. 2. არ უნდა დაარღვიო ადამიანის უფლებები და არ უნდა გათელო ადამიანის ღირსება; საბოლოო ჯამში, ამ გაანაჩენს, როგორც 2012 წელს, დღესაც ისე გამოუტანს ხელისუფლებას საზოგადოება" - თქვა ხოშტარიამ.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლებას უნდა ესწავლა, რომ პროკურატურა და პოლიცია არ არის პოლიტიკური იარაღი, სასამართლო არის არა ხელისუფლების კაპრიზების შესრულების, არამედ, ადამიანის უფლებების დაცვის ინსტრუმენტი.

"პრობლემა არა რუსთავი 2 და ჟურნალისტებია, არამედ, პრობლემები არის ხალხში და ადამიანებს აწუხებთ ეს პრობლემები, ჟურნალისტებს კი არ უნდა ებრძოლო, უნდა ჰქონდეთ თავისუფალი მუშაობის საშუალება.

და სიმბოლურია, რომ იმ ადგილას, სადაც ზუსტად კარვების გაშლით დაიწყო ადამიანების მიმართ ძალადობა 7 ნოემბერს, დღეს კარვებს ართმევენ ზაზა სარალიძეს, რომელიც იბრძვის თავის სიმართლისთვის, ებრძვის მოძალადე პროკურორებს, ეს არის 11 წლის თავზე ქვეყნის განვითარების სიმბოლო ამ ხელისუფლების ხელში" - ამბობს ხოშტარია.

ევროპული საქართველოს დეპუტატის თქმითვე, "ძალიან დიდი ფარისევლობაა მცდელობა იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც თავად თელავს ადამიანების უფლებს, რომ 7 ნოემბრით გაძვრეს ამ არჩევნებზე". ელენე ხოშტარია აღნიშნავს, რომ ხალხს პროტესტი აქვს, უსამართლობაზე.

"ადამიანებს ამოუვიდათ ყელში ნებისმიერი ხელისუფლების თავგასულობა, ამას გრძნობს ძალიან კარგად ხალხი. 6 წელი დავკარგეთ, მაგრამ არც ერთი დღე აღარ უნდა დავკარგოთ და ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მოვა, ჯერ ერთი, არ უნდა იყოს უკონტროლო, იმიტომ, რომ ეს არის მიზეზი 7 ნოემბრისაც, და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევისაც, ჩვენ უნდა გვყავდეს პარლამენტი, სადაც პარტიები აბალანსებენ ერთმანეთს ანუ პროპორციული არჩევნებით არჩეული. სულთნები და ფაშები უნდა მოვიტოვოთ წარსულში" - ამბობს ხოშტარია.

2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. მოგვიანებით პოლიცია ტელეკომპანია „იმედის“ ოფისშიც შევიდა. 7 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თანამდებობიდან გადადგა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

კომენტარები