აშშ-ის შუალედური არჩევნები

ტრამპზე რეფერენდუმი - რატომაა მნიშვნელოვანი აშშ-ის შუალედური არჩევნები

6 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები იმართება, რომელსაც ზოგი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 2-წლიანი პრეზიდენტობის რეფერენდუმად მიიჩნევს. არჩევნებმა უნდა განსაზღვროს დონალდ ტრამპის დარჩენილი 2 წელიწადი აშშ-ის პრეზიდენტის რანგში.

ამერიკელი ამომრჩეველი დღეს უპასუხებს კითხვებს - შეძლებენ თუ არა რესპუბლიკელები კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის შენარჩუნებას? მოიგებენ დემოკრატები ერთ ან ორივე პალატას და ექნებათ თუ არა მათ ძალაუფლება პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკური დღის წესრიგის შესაზღუდად?

რას ნიშნავს შუალედური არჩევნები?

აშშ-ის ამომრჩეველი პრეზიდენტს ყოველ 4 წელიწადში ირჩევს, ხოლო შუალედური არჩევნები საპრეზიდენტო ვადის შუა გზაზე, ანუ პრეზიდენტის არჩევიდან მეორე წელს იმართება. რაც ერთგვარად ხალხის დამოკიდებულებას გამოხატავს ადმინისტრაციის მიმართ.

ვის ირჩევენ?

  •  435-ვე ადგილს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში


სენატი და წარმომადგენელთა პალატა აშშ-ის კონგრესის ორ პალატას ქმნის. კონგრესი ფედერალური მთავრობის საკანონმდებლო ორგანოა. სენატორებს ირჩევენ 6 წლით, ხოლო წარმომადგენელთა პალატის წევრებს 2 წლით. ამჟამად ორივე პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკელების ხელშია.

დემოკრატები იმედოვნებენ, რომ უმრავლესობის მოპოვებას სწორედ წარმომადგენელთა პალატაში შეძლებენ. 435-წევრიან წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ამჟამად 235 ადგილი, ხოლო დემოკრატებს - 193 უკავიათ. პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად დემოკრატებს დამატებით 23 ადგილი ჭირდებათ.  

სხვადასხვა პროგნოზის მიხედვით, დემოკრატებს 80% აქვთ შანსი, რომ დამატებით 21-დან 59 ადგილამდე მოიპოვონ, ყველაზე მაღალი ალბათობით თავის წარმომადგენლობას 39-ით გაზრდიან და უმრავლესობა რესპუბლიკელებიდან დემოკრატების ხელში გადავა.

  • აშშ-ის სენატის ერთ მესამედს


ამჟამად, 100-წევრიანი სენატის 51 წევრი რესპუბლიკელია, ხოლო 49 დემოკრატი. ამ არჩევნებზე აირჩევა სენატის 35 ადგილი. მათგან, ვისაც არჩევნები უწევს,  26 დემოკრატია, ხოლო 9 - რესპუბლიკელი.

დემოკრატებს 26 + 2 ადგილი სჭირდებათ კონტროლის მოსაპოვებლად.   26-დან დემოკრატებს დაცვა უწევთ იმ 10 შტატის, სადაც დონალდ ტრამპმა 2016 წელს მოიგო, აქედან 5-ში დიდი უპირატესობით - დასავლეთ ვირჯინია, ჩრდილოეთ დაკოტა, ინდიანა, მონტანა, მისური. დემოკრატების სამიზნე იქნება რესპუბლიკელი სენატების ადგილი არიზონასა და ნევადაში.

პროგნოზების მიხედვით, წარმომადგენელთა პალატისგან განსხვავებით, რესპუბლიკელები სენატში შეინარჩუნებენ უმრავლესობას და შესაძლებელია, დამატებითი ადგილიც მოიპოვონ.

მარტივად რომ ვთქვათ, რესპუბლიკელების უპირატესობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ დემოკრატებს მეტი ადგილი აქვთ ასარჩევი, ვიდრე რესპუბლიკელებს და უმრავლესობა ამ ადგილებისა იმ შტატებშია, სადაც 2016 წელს დონალდ ტრამპმა არჩევნები მოიგო.

სტატისტიკური ანალიზის საიტის FiveThirtyEight-ის პროგნოზით, რესპუბლიკელებს 86% აქვთ შანსი, რომ სენატზე კონტროლი შეინარჩუნონ, ხოლო 10%-ია იმის შანსი, რომ ისინი დამატებით 5, ყველაზე მაღალი ალბათობით კი 1 ადგილს მოიპოვებენ.

გარდა კონგრესის წევრებისა, ამერიკელები ასევე ირჩევენ:

  • 36 შტატის გუბერნატორს

მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ყურადღება კონგრესზეა მიპყრობილი, ამერიკელები ასევე აირჩევენ 36 შტატის გუბერნატორს, მათგან ამჟამად 26 რესპუბლიკელია, 9 დემოკრატი და 1 დამოუკიდებელი. პროგნოზების მიხედვით, ამ შემთხვევაშიც დემოკრატები მოიგებენ ბევრ შტატში, სადაც ახლა რესპუბლიკელი გუბერნატორია. ეს მნიშვნელოვანი იქნება დემოკრატებისთვის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

  • ბევრი ქალაქის მერსა და ადგილობრივ თვითმმართველობას.
  • შტატის დონეზე ხმას მისცემენ სხვადასხვა ინიციატივასაც, მაგალითად, მოხდეს თუ არა იუტაში სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზაცია.

რატომ არის მნიშვნელოვანი შუალედური არჩევნები?

სენატში უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, დემოკრატებს შესაძლებლობა ექნებათ, დაბლოკონ კაბინეტის და უზენაესი სასამართლოს კანდიდატები. ხოლო თუ წარმომადგენელთა პალატაში მიიღებენ უმრავლესობას, დემოკრატებს შეეძლებათ მნიშვნელოვნად შეუშალონ ხელი ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლებლობას, განახორციელონ თავიანთი პროგრამა. დემოკრატებს ასევე შეეძლებათ, დაიწყონ იმპიჩმენტის პროცედურა ტრამპის წინააღმდეგ, თუმცა პრეზიდენტის დასათხოვად, მათ სენატის ხმების ⅔ სჭირდებათ.

კომენტარები