ბოლო წლებში ის პროგრესი რაც გვაქვს ჩვენ ნატოში ინტეგრაციის გზაზე, არის მართლაც უნიკალური და მე მსურს, ჩვენს მეგობრებს დიდი მადლობა გადავუხადო ამ მტკიცე მხარდაჭერისთვის. აქვე ცალკე მინდა აღვნიშნო იმ ძალიან დიდი წარმატებბის შესახებ, რაც ჩვენ ბოლო წლებში გვაქვს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ ბატონი ჯონ ბოლტონის ვიზიტს და ვფიქრობ, რომ აღნიშნული ვიზიტი და ბოლო დროს გახშირებული მაღალი დონის შეხვედრები კიდევ უფრო დაგვეხმარება, რომ ახალ დონეზე გადავიყვანოთ ჩვენი ურიერთობები და ბუნებრივია, ამ ურთიერთობებში მთავარი იქნება სწორედ უსაფრთხოება და თავდაცვა.
დაბოლოს, მინდა მოგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის თავდაცვის მდივნისგან მივიღე წერილი, რომელშიც გენერალი მატისი მადლობას გვიხდის თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმების გამო. წერილში ხაზგასმულია ჩვენი მთავრობის ძალისხმევა საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და მოდერნიზაციის საქმეში, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. მე მინდა ჩვენს კოლეგებს თავდაცვის სამინისტროში და პირადად მინისტრს კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა იმ მნიშვნელოვანი პროგრესისთვის და იმ ძალიან ფუნდამენტური რეფორმებისთვის, რომელიც ჩვენ შევძელით გაგვეტარებინა ამ უწყებაში. ეს წერილი ჩვენთვის ამ სფეროში მიღწეული წარმატებების კიდევ ერთი დასტურია.





