ევროპული საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს გადაწყვეტილება და შემდეგი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩაატაროს. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ბრიფინგზე თქვა, ეს იქნება გარანტი იმისა, რომ ხელისუფლებაში "თავზე არავინ არ გავა".
"მე ძალიან კარგად მესმის, მათ შორის ჩვენი ამომრჩევლის წუხილები და შიშები, რომ შეიძლება მოხდეს იმის რესტავრაცია, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს არ მოსწონს. ეს დაუშვებელია და ჩვენ ბუნებრივია, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მსგავსი რამ ამ ქვეყანაში არ მოხდეს.
ამის ერთადერთ სწორ გამოსავლად მიგვაჩნია, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღოს მკაფიო გადაწყვეტილება და შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით.
როდესაც ჩვენ გვაქვს შიში, რომ ძალოვნები შეიძლება კიდევ იყვნენ დაუბალანსებელი, რომელიც დღესაც არ არის დაბალანსებული და ვხედავთ, ფარცხალაძე რეებს აკეთებს, ამის ერთადერთი სწორი გამოსავალი არის პროპორციული არჩევნები. ქვეყანას უნდა ჰყავდეს ის ხელისუფლება, იმ დოზით მხარდაჭერილი, რა დოზითაც მას არჩევნებზე დაუჭერს ხალხი მხარს და არა ის ხელისუფლება, რომელიც მიიღებს 40%-ს, მაგრამ გააკონტროლებს 80%-ს.
ეს სისტემა, რომელიც გვაქვს 1995 წლიდან, არის წყევლა. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ და არ შევცვალეთ, მაგრამ ვთქვით, რომ 2012 წელს, შერეული სისტემით ბოლო არჩევნები ჩატარდებოდა. ქართულმა ოცნებამ, როგორც ყველა სხვა სხვა საკითხში, რაც ყველაფერი ცუდი იყო, გააათკეცა და რაც კარგი იყო - დაივიწყა, შესაბამისად, ეს ყველაფერი 2024 წელზე გადაიტანეს.
თუ გვინდა ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა, თუ გვინდა ცვლილებები, რომელიც გარდაუვალია და რომლის სიგნალიც ქართულმა საზოგადოებამ ამ არჩევნებზე გვანახა, ახლა ჩვენი ამოცანაა, როგორ იყოს ეს ცვლილებები ყოველგვარი არეულობის გარეშე. ამ კონტექსტშია გედევან ფოფხაძის განცხადება ძალიან სახიფათო, რადგან ის გამოხატავს ქართული ოცნების მნიშვნელოვანი ნაწილის სულისკვეთებას.
თუ ჩვენ გვინდა, ეს თავიდან ავიცილოთ, შემდეგი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული წესით. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ იყოს კოალიციური მთავრობა, რაც არის გარანტი, რომ ხელისუფლებაში მოსული ადამიანები თავზე არ გავლენ, შიდა ბალანსის მექანიზმი იქნება. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პარლამენტში ოპოზიცია იყოს ქმედითი და ეფექტური, იმიტომ, რომ იქნება ძალიან ბევრი. ეს იქნება ერთადერთი გარანტი, რომ არ დაბრუნდება ის, რისიც ბევრ ადამიანს ეშინია - სხვა გარანტია არ არსებობს. ეს გარანტი არ მისცა ხალხს ივანიშვილმა, მაგრამ ეს გარანტია უნდა მივცეთ ჩვენ" - განაცხადა გიგი უგულავამ.




