ზაზა სარალიძის დაკავება

ჩიტიძე: პოლიციელის ქმედება არ იყო კანონიერი, სარალიძის შემთხვევა წარდგენილ მუხლში არ ჯდება

ტაბულა

იურისტ გიორგი ჩიტიძის თქმით, ზაზა სარალიძის დაკავების დროს პოლიციელის ქმედება არ იყო კანონიერი, შესაბამისად, ზაზა სარალიძის შემთხვევა წარდგენილ მუხლში არ ჯდება. 

"პოლიციელზე ხელის აღმართვა ისჯება და უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად.

დანაშაულის შემადგენლობა არის შემდეგი (სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლი-ს პირველი ნაწილი):

„პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით".

ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის, სამი მნიშვნელოვანი ელემენტი უნდა იყოს:

  • თავდასხმის ობიექტი უნდა იყოს პოლიციელი და,
  • სამსახურებრივ მოვალეობას უნდა ასრულებდეს, რაც თავის მხრივ, კანონიერი უნდა იყოს და,
  • ამ კანონიერი საქმიანობის გამო უნდა მოხდეს თავდასხმა

სარალიძის მიმართ კარვის გაშლის უფლების შეზღუდვა არის უკანონო და პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობას არ წარმოადგენს, შესაბამისად, თავდასხმა საქმიანობის გამო ვერ იქნება. ნორმალური სასამართლოს პირობებში, დეტალურად და გამოწვლილვით განიხილავდა მოსამართლე ამ ყველაფერს და ამ კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობას ვერ დაინახავდა", - ამბობს ჩიტიძე. 

2017 წლის 1-ლ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სარალიძე კარვის გაშლას ცდილობდა, პოლიციელებმა კი მას ამის საშუალება არ მისცეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, "რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ". შსს აცხადებს, რომ "ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა".

კომენტარები