დონალდ ტრამპი

ტრამპი ხაშოგის მკვლელობაზე: იქ პრინცი განაგებს საკითხებს, თუ ვინმე იქნებოდა, ის იქნებოდა

დონალდ ტრამპი
AFP

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გეგმა ცუდი იყო, მის განხორციელებაზე არც უნდა ეფიქრათ და ამ დანაშაულის დაფარვის მცდელობა დანაშაულების დაფარვის მცდელობების ისტორიაში ყველაზე ცუდია.

"ვისაც ეს იდეა მოუვიდა, დიდ პრობლემების წინაშეა, და უნდა იყოს კიდეც." თქვა ტრამპმა.

მანამდე ტრამპმა Wall Street Journal-ს მისცა ინტერვიუ, რომელშიც თქვა, რომ მისი აზრით მეფე სალმანმა მკვლელობის შესახებ არ იცოდა. შეკითხვაზე ფიქრობს თუ არა იმავეს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეზე, პრინც მუჰამედ ბინ სალმანზე ტრამპმა უპასუხა:

"პრინცი უფრო განაგებს საკითხებს იქ ამ ეტაპზე. ის განაგებს საკითხებს და თუ ვინმე იქნებოდა, ის იქნებოდა." თქვა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ მუჰამედ ბინ სალმანს ჰკითხა ხაშოგის მკვლელობის შესახებ და პასუხად მიიღო, რომ მან ოპერაციის შესახებ არაფერი იცოდა. შეკითხვაზე სჯერა თუ არა საუდის არაბეთის მმართველი ოჯახის წევრების ტრამპმა უპასუხა:

"მინდა რომ მჯეროდეს. მართლა მინდა, რომ მჯეროდეს."

ტრამპის ადმინისტრაცია მკვლელობაში ეჭვმიტანილებისათვის ვიზების შეჩერებას და სანქციების დაწესებას გეგმავს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ პარლამენტში გამოსვლისას სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ თურქეთი "საზარელ მკვლელობას" ბოლომდე გამოიძიებს და არ გაჩუმდება.

ერდოღანის თქმით მნიშვნელოვანია, რომ საუდის არაბეთმა ხაშოგის მკვლელობა აღიარა და 18 ადამიანი დაიჭირა, მათ შორის 15 ის პირები არიან, ვინც თურქეთმა ჩანაწერებში ამოიცნო.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით ახლა გამოსაძიებელია, თუ ვისი ბრძანებით იყო 15 კაციანი ჯგუფი სტამბოლში, რატომ არ შეუშვეს საკონსულოში გამომძიებლები დაუყოვნებლივ,რატომ გაავრცელა საუდის არაბეთმა სხვადასხვა შინაარსის განმარტებები და ვინ არიანადგილობრივი შეთქმულები, ვინც მათ ხაშოგის გვამის თავიდან მოშორებაში დაეხმარა.

"ეჭვი არ მეპარება მეფე სალმანის გულწრფელობაში. თუმცა, დამოუკიდებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს. ეს პოლიტიკური მკვლელობაა." თქვა ერდოღანმა. მას საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, მუჰამედ ბინ სალმანი არ უხსენებია.

ერდოღანის მტკიცებით თურქეთის უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ სამხილები, რომლის მიხედვითაც მკვლელობა დაგეგმილი იყო და ვინაიდან ის თურქეთის ტერიტორიაზე მოხდა და ხაშოგი საერთაშორისოდ ცნობილი ჟურნალისტია, საერთაშორისო საკითხს წარმოადგენს, რომელსაც თურქეთი ბოლომდე მიჰყვება. მან საუდის არაბეთს ისიც შესთავაზა, რომ დაკავებულები თურქეთში გაასამართლოს, რადგან მკვლელობა მის მიწაზე მოხდა.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Fox News-თან ინტერვიუში თქვა, რომ ჟურნალისტი "თვითნებურად მოქმედმა მკვლელებმა" მოკლეს და ოპერაციის შესახებ ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანმა და მეფე სალმანმა არაფერი იცოდნენ. მინისტრმა მომხდარს "საშინელი შეცდომა" უწოდა და თქვა, რომ საუდის არაბეთი მომხდარ გამოიძიებს და დამნაშავეებს დასჯის.

მანამდე საუდის არაბეთის სახელმწიფო ბრალმდებელმა თქვა, რომ ხაშოგის საკონსულოში შელაპარაკება მოუვიდა და ის ჩხუბისას შემოაკვდათ. ამ განცხადებამ კრიტიკა გამოიწვია. მანამდე კი საკონსულოს წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ხაშოგი არ მოუკლავთ და მან შენობა დატოვა.

საუდის არაბეთმა 18 ადამიანი დააკავა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს მუჰამედ ბინ სალმანის ორი მრჩეველი.

ჟურნალისტის გაუჩინარების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები