კრიმინალი

გაუპატიურების მცდელობასა და ძარცვაში ბრალდებულს 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

www.irishtimes.com

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ძარცვასა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული ე.კ. დამნაშავედ ცნო.

უწყებაში ამბობენ, რომ ე.კ.-მ ქალს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა და მისი გაუპატიურება სცადა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის გამო, ვერ მოახერხა.

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ, 2018 წლის 2 იანვარს ღამის საათებში, განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა ე.კ-მ ქ.თბილისში თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით თ.ხ. წააქცია და მისი გაუპატიურება სცადა. დაზარალებულის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შედეგად ე.კ.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რის შემდეგაც თ.ხ.-ს ჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებული 4 იანვარს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ბ" და "დ" ქვეპუნქტებით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, არაერთგზის), 19-137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

პროკურატურაში ამბობენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ე.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები