დონალდ ტრამპი

ტრამპი: ლუდი არასდროს დამილევია. წარმოგიდგენიათ რა საშინელება ვიქნები რომ ვსვამდე?

დონალდ ტრამპი
Getty Images

დონალდ ტრამპმა თეთრს სახლში ჟურნალისტებისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე კანადასა და მექსიკასთან მიღწეულ სავაჭრო შეთანხმებაზე ისაუბრა.

ჟურნალისტებმა ტრამპს კითხვები მის მიერ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წამოყენებული ბრეტ კავანოცს შესახებაც დაუსვეს, რომელსაც სექსუალურ შევიწროვებაში უკვე სამი ქალი ადანაშაულებს.

ბრეტ კავანოს სენატის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭურა. კავანოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობამდე მხოლოდ საბოლოო კენჭისყრა აშორებს, თუმცა შესაძლოა მის წინააღმდეგ ბრალდებებზე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოძიება დაიწყოს.

კავანომ სენატის სპეციალური კომიტეტის წინაშე აღიარა, რომ ახალგაზრდობაში ლუდს სვამდა და ხანდახან ზედმეტიც მოსდიოდა, თუმცა თავდაპირველად ის ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების ქონას უარყოფდა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, კვლავ დაუჭერს თუ არა ტრამპი მხარს კავანოს, თუ აღმოჩნდება, რომ მან ამ საკითხზე მოიტყუა, ტრამპმა თქვა, რომ მისი აზრით კავანომ ღიად აღიარა, რომ ლუდი უყვარს და ამ საკითხზე არ იტყუება. ტრამპმა ალკოჰოლთან საკუთარ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა:

"მე არ ვსვამ. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრებაში არასოდეს დამილევია ლუდი. ეს ჩემი ერთადერთი დადებითი თვისებაა. არ ვსვამ. ამა თუ იმ მიზეზით არასოდეს მიმიღია ალკოჰოლი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა საშინელება ვიქნები რომ ვსვამდე? ყველაზე უარესი ვიქნები მსოფლიოში. მე ვუყურე მის [კავანოს] გამოსვლას და ვნახე, რომ მან აღიარა, რომ ახალგაზრდობაში სირთულეები ჰქონდა სასმელთან. მისთვის არ უკითხავთ ჰქონია თუ არა პრობლემები ალკოჰოლთან ბოლო 20 წლის მანძილზე. იმიტომ, რომ ბევრი წლის მანძილზე მასზე ცუდი არავის უთქვამს. მე დავამთავრე საშუალო სკოლა და მიუხედავად იმისა, რომ არ ვსვამდი, ვხედავდი ახალგაზრდებს, რომელიც სვამდნენ და გიჟდებოდნენ. მაგრამ ეს ხომ სკოლა იყო, 16, 17 წლის იყვნენ. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ახლა მათ არ შეუძლიათ აკეთონ ის, რისი კეთებაც სურთ ცხოვრებაში?"

ტრამპის თქმით ის იცნობს ამერიკელ სენატორებს მეორე მხარეს, რომლებიც ძალიან აგრესიულია და მას ეს სენატორი ძალიან ცუდ სიტუაციებში უნახავს. ტრამპის თქმით ყველას შესახებ ყოფილა ბრალდებები ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის გარდა და თუ მასაც დაადანაშაულებენ რაიმეში, ნამდვილი შოკი სწორედ ეს იქნება.

ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი ალკოჰოლს არასდროს მოიხმარს, რადგან მისი ძმა ფრედ ტრამპი ალკოჰოლიზმით იყო დაავადებული და 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

კომენტარები