იემენის კრიზისი

იემენის დავიწყებული ომი

რა ხდება იემენში?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იემენში შექმნილ მდგომარეობას სამართლიანად ეწოდა უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფა, თუმცა სამწლიანი ინტენსიური სამოქალაქო ომის მიუხედავად, ამ კონფლიქტს რატომღაც „მივიწყებულ ომად“ მოიხსენიებენ.

უახლესი ისტორია

არაბული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის, იემენის უახლესი ისტორია სისხლიანი კონფლიქტებითაა გაჟღენთილი.

1962 წელს ჩრდილოეთ იემენში შეიქმნა იემენის არაბული რესპუბლიკა, ხოლო სამხრეთ იემენი 1967 წლამდე ბრიტანეთის პროტექტორატად რჩებოდა, სანამ დამოუკიდებლობა არ მოიპოვა და შემდეგ მარქსისტულ სახელმწიფოდ არ იქცა. სამხედრო დაპირისპირება ორივე ქვეყნისთვის ჩვეული პრაქტიკა იყო, სანამ 1990 წელს ეს ორი სახელმწიფო არ გაერთიანდა და შეიქმნა თანამედროვე იემენი.


ფოტო: DW

თუმცა ამით იემენის მოსახლეობის უბედურება არ დამთავრებულა და ქვეყანაშიც არ დამყარებულა მშვიდობა. იემენი უკვე დიდი ხანია, რეგიონის უღარიბესი ქვეყანაა- 2015 წელს ადამიანური განვითარების ინდექსით, რომელიც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის, განათლებისა და ცხოვრების პირობების კომპონენტებს მოიცავს, 188 ქვეყნიდან იემენს 168-ე ადგილი ერგო.

ომამდე ვარაუდობდნენ, რომ ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც 20 მილიონს აღწევდა, 2035 წლისთვის გაორმაგდებოდა. მაღალი უმუშევრობისა და მმართველი სალეს საგვარეულოს მიმართ საყოველთაო უკმაყოფილების ფონზე, მოსახლეობა მზად იყო აჰყოლოდა არაბული გაზაფხულის ტალღას, რომელიც 2011 წლიდან იკრეფდა ძალას ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.

ომის წინა პერიოდი

2011 წლის არაბული გაზაფხულიდან მოყოლებული, კონფლიქტი რამდენიმე წლის განმავლობაში მწიფდებოდა იემენში და დაპირისპირებაც უფრო და უფრო მასშტაბური ხდებოდა.

2011 წლის მარტში იემენის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტომის შეიხი ჰუსეინ ალ-აჰმარი მმართველ პარტიას განუდგა და პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰს გადადგომისკენ მოუწოდა.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე სანას ქუჩებიც დემონსტრანტებით გაივსო. მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტის და მისი მთავრობის გადადგომა იყო. საბაბად კი, ამ შემთხვევაშიც, კორუფცია და ეკონომიკური არასტაბილურობა იქცა.

Transparency International-ის მონაცემებით, კორუფციის დონის მიხედვით იემენი 180 ქვეყნიდან 154-ე ადგილს იკავებდა.

ალი აბდულა სალეჰი
ფოტო: AFP

იემენის პრეზიდენტი ალი აბდალა სალეჰი უკვე 33 წელი იყო ხელისუფლებაში: 1978-დან 1990-მდე ჩრდილოეთ იემენს მართავდა, ხოლო 1990-დან უკვე გაერთიანებულ ქვეყანას.

სამთავრობო ძალებსა და დემონსტრანტებს შორის რამდენჯერმე მოხდა სისხლიანი შეტაკება, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. პრეზიდენტმა ნელ-ნელა დაკარგა დასავლეთის მხარდაჭერა. მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში იგი მაინც ინარჩუნებდა ძალაუფლებას, თუმცა 2012 წლის თებერვალში ძლიერი ზეწოლის შედეგად მან თანამდებობა დატოვა.

იემენს სექტებს შორის დაპირისპირებისა და არასტაბილურობის გრძელი ისტორია აქვს.

24-მილიონიან ქვეყანაში მოსახლეობის 55% სუნიტია და ისინი ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობენ. შიიტები, რომელთა წილი 40 პროცენტს აჭარბებს, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით სახლობენ. ამას გარდა, ქვეყანაში არაერთი შედარებით მცირერიცხოვანი ისლამური სექტაა, არამუსლიმთა რაოდენობა კი 2 პროცენტს არ აღემატება. ასევე ძლიერია სეცესიონისტური მოძრაობები. ტომთა ბელადებსაც საკუთარი პოლიტიკური მიზნები აქვთ.

როდის დაიწყო ომი?

პრეზიდენტი სალეჰი საკუთარ ოპონენტებს აფრთხილებდა, რომ მისი წასვლის შემდეგ ქვეყანაში ისლამისტები მოიკიდებდნენ ფეხს.

და მართლაც, ხელისუფლების შეცვლისთანავე, როცა უკვე აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადი გახდა იემენის პრეზიდენტი, ძალიან გააქტიურდა ისლამისტური სამხედრო -რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც შიიტური ისლამის ზაიდის სექტის წიაღში წარმოიშვა და რომელიც ჰუსიტი მეამბოხეების სახელითაა ცნობილი.


ფოტო: Daily Sabah

იმ დროისთვის მოძრაობას სათავეში ედგა- მუჰამედ ალ-ჰუსი. ყოფილ პრეზიდენტთან გაერთიანებულმა 2014 წლისთვის საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია, როცა აიღო დედაქალაქი სანა და 2015 წელს უკვე ძალადობრივად შეცვალა ხელისუფლება.  

ჰადიმ მოახერხა სანადან გაქცევა და სამხრეთის ქალაქ ადენში გამაგრდა, რომელიც შემდეგ  „დროებით დედაქალაქად“ გამოაცხადა, თუმცა ძალიან მალე მას ქვეყნის დატოვება და საუდის არაბეთისთვის თავის შეფარება მოუწია.

2015 წლის მარტში საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ ქმნიდა არაბული ქვეყნების კოალიციას, რომელიც სამხედრო იერიშებს განახორციელებდა ჰუსიტი მეამბოხეების წინააღმდეგ. მისი მტკიცებით, მათ ირანი უმაგრებდა ზურგს.

კოალიცია საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა, რადგან ჰუსიტთა პოზიციები ნელ-ნელა დასუსტდა. საჰაერო და სახმელეთო იერიშებთან ერთად ამბოხებულები ბლოკადაში აღმოჩდნენ, რამაც სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების გარეშე დატოვა ისინი.

კოალიციას დიდ ლოჯისტიკურ- ინტელექტუალურ, ასევე სამხედრო დახმარებას უწევს აშშ და დიდი ბრიტანეთი, რაც უახლესი მოვლენების შემდეგ დასავლური საზოგადოების მწვავე აღშფოთებას განაპირობებს, ეს უკმაყოფილება განსაკუთრებით ცხადად გამოვლინდა გასულ თვეში კოალიციის მიერ სასკოლო ავტობუსზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შემდეგ, რასაც 44 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.


ფოტო: Reuters

იემენი გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი ტერიტორიაა.  პირველ რიგში, აღსანიშნავია მისი ეკონომიკური მნიშვნელობა: ადენის ყურის გავლით ყოველ დღე სამი მილიონი ბარელი ნავთობი გადააქვთ. ჩრდილოეთით სუეცის არხი და საუდის არაბეთის ნავთობგამწმენდი ქარხნებია, ხოლო სამხრეთით -ინდოეთის ოკეანე და სავაჭრო გზები აზიური ნავთობ-ბაზრისკენ.

გარდა ეკონომიკური ფაქტორისა, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში ირანის გავლენის ზრდის პრევენცია. ამ მხრივ, უპირველესად, საუდის არაბეთი აქტიურობს, რომელიც აშშ-ს სტრატეგიული მოკავშირეა.

აშშ-ს ომში ჩართვის კიდევ ერთი მიზეზი აქვს, ეს ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდაა. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ მიღებული კანონის -AUMF - (ავტორიზაცია ტერორიზმის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებისთვის) თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტს უფლება აქვს, გამოიყენოს ძალა ხსენებულ ტერაქტში რაიმენაირად ჩართული ან მათთან დაკავშირებული ქვეყნის, ორგანიზაციის ან ადამიანების წინააღმდეგ. ალ-ქაიდას მიერ განხორციელებული რეკრუტირებისთვის კი იემენი წლების განმავლობაში რჩებოდა მიმზიდველ და ნაყოფიერ ტერიტორიად.


ფოტო: Reuters

შესაბამისად, ბოლო პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების მიერ განხორციელებული წნეხი, რომელიც აშშ-ს ომში ჩართულობის წინააღმდეგაა მიმართული, საეჭვოა, რომ შედეგს გამოიღებს. ქვეყანას რეგიონში მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს, რომლებზე უარის თქმაც არაგონივრული იქნება.

ჰუმანიტარული კრიზისი და სამოქალაქო მსხვერპლი

ამ დროისთვის დაახლოებით 22 მილიონი იემენელი არის დამოკიდებული ჰუმანიტარულ დახმარებაზე. 2015 წლიდან მოყოლებული, კოალიციის მიერ განხორციელებული ავია-იერიშებისა და საზღვაო ბლოკადის წყალობით ქვეყანაში საყოველთაო შიმშილი მძვინვარებს. ამას თან დაერთო ქოლერას ეპიდემია, რომელმაც 2000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


ფოტო: CNN

ომის განმავლობაში განუწყვეტლივ ირღვევა საერთაშორისო სამართლით დადგენილი ნორმები. კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარემ მრავალჯერ ჩაიდინა სამხედრო დანაშაული, როგორიცაა, მაგალითად, მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების, სამედიცინო ცენტრებისა და სკოლების დაბომბვა.

ტერორისტული თავდასხმები იემენში ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. გაეროს მონაცემებით, მხოლოდ 2017 წლის შემდეგ ომს 10 000 ადამიანი ემსხვერპლა.

დასავლეთში ხშირად აღნიშნავენ, რომ ომი სწრაფად უნდა დამთავრდეს, თუმცა ქმედითი ნაბიჯი ჯერ არავის გადაუდგამს.

კომენტარები