საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სთხოვს, მოძრაობა "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს ფინანსურად დაეხმარონ.
სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში თანხის გადარიცხვის წესებს და ანგარიშის ნომერს აქვეყნებს.
მისი თქმით, ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში დაბრუნებას შეძლებს.
"მინდა, მოგმართოთ ჩემს თანამემამულეებს, რომლებიც ჩემს მსგავსად აღმოჩნდით უცხოეთში. ახლა ჩვენი სამშობლო, საქართველო არის უზარმაზარი საფრთხის წინაშე. ივანიშვილმა ფაქტობრივ საპრეზიდენტო კანდიდატად დააყენა მოღალატე სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს 2008 წლის ომის დაწყებაში და თუ ღმერთმა არ ქნას ამ კანდიდატმა გაიმარჯვა, ეს ძალიან გაუადვილებს ჩვენს მტერს ჩვენი ტერიტორიების მიტაცებით დაკანონებას და ასევე გაამტყუნებს საქართველოს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც იძიებს 2008 წლის ამბებს. იმ ნეგატივის ფონზე, რაც დაგროვდა ბოლო წლებში, ეს იქნება საბოლოო და სასიკვდილო დარტყმა საქართველოსთვის. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა შევაჩეროთ ივანიშვილი და ზურაბიშვილი. მე მინდა, გთხოვოთ ყველანაირი დახმარება. მინდა გთხოვოთ, დაელაპარაკოთ თქვენს ახლობლებს და ნათესავებს საქართველოში. მინდა, გთხოვოთ ასევე ფინანსური დახმარება, რაც ადრე არასდროს გამიკეთებია. ვისაც შეუძლია, შევეწიოთ ერთადერთ კანდიდატს, ვისაც შეუძლია ივანიშვილისა და ზურაბიშვილის დამარცხება, გრიგოლ ვაშაძეს. ზოგს ათი ევროს, ზოგს ათი დოლარის მიცემა შეუძლია, ზოგს, ვინც წარმატებულია და ბიზნესები აქვს, ათასი და მეტი. მაგრამ ეს ახლა იქნება გადამწყვეტი. ივანიშვილს აქვს ბევრი ფული, სატელიტ ოპოზიციურ კანდიდატებს აქვთ ფული ივანიშვილთან შეთანხმებით. ვაშაძეს სჭირდება თქვენი დახმარება, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი სახალხო კანდიდატი. ვაშაძის გამარჯვება ასევე ნიშნავს, რომ მე და თქვენ მოგვეცემა საშუალება, დავბრუნდეთ ჩვენს ქვეყანაში და გავაგრძელოთ ქვეყნის წინსვლა. მე აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში, მაგრამ ამაში მჭირდება თქვენი დახმარება",- ამბობს სააკაშვილი.





