ჯონ მაკკეინი

საქართველოს მეგობარი, სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

Huffington Post

საქართველოს მეგობარი, სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ​

2017 წლის ივლისში ჯონ მაკკეინს თავის ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმა - გლიობლასტომა დაუდგინეს. მას მარცხენა საფეთქელთან მქონე არხიდან ამოუღეს შედედებული სისხლი და დაზიანებული ქსოვილი.

რამდენიმე დღის წინ მისმა ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაკკეინმა მკურნალობის გაგრძელებაზე უარი თქვა. 

ამერიკელი სენატორი იბრძოდა ვიეტნამის ომში, 1987 წლიდან კი აშშ-ის სენატში არიზონას შტატს წარმოადგენდა. 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი, თუმცა, დემოკრატ ბარაკ ობამასთან დამარცხდა.

მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, მაკკეინი ბოლო დრომდე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში და მუდმივად აკრიტიკებდა დონალდ ტრამპის პოლიტიკას. 

მაკკეინი საქართველოს მეგობარი იყო. ის მუდმივად ლობირებდა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო საზოგადოებაში და ამასთან რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

2017 წლის 1-2 იანვარს ის საქართველოშიც ჩამოვიდა. მაშინ მაკკეინმა თქვა, რომ "ერთ დღესაც საქართველო კვლავ გამთლიანდება და დამოუკიდებელი გახდება". 

მაკკეინი საქართველოს მხარდაჭერას 2008 წელს, რუსეთის თავდასხმის დროსაც გამოხატავდა. 

"დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ", - თქვა მან 2008 წლის 12 აგვისტოს. 

კომენტარები