აგვისტოს ომი

მედვედევი: 2008 წელს ომის დაწყება სააკაშვილის და მისი გარემოცვის არჩევანი იყო

kommersant.ru

2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის მეთაურობით “მწვანე შუქი” აუნთო აგრესიას. მოხდა ის, რაც მოხდა. ეს არ იყო გარდაუვალი. ეს, რა თქმა უნდა, იყო სააკაშვილის და მისი გარემოცვის სუბიექტური არჩევანი- ამის შესახებ რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა, "კომერსანტთან" მიცემულ ინტერვიუში თქვა. 

ინტერვიუ დღეს, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე გამოქვეყნდა

მედვედევმა აგვისტოს ომზე და ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა. 

"საქართველოში მაშინ დაძაბულობის მაღალი დონე იყო, თუმცა ეს არ შეიქმნა 2008 წელს, არამედ 1991-ში. პრობლემების საფუძველი 1990-იან წლებშია. სოჭიდან აფხაზეთში პირველად რომ ჩავედი, მაშინ ვიგრძენი, რომ ყოფით დონეზე მოქალაქეებს რთული დამოკიდებულება ჰქონდათ იმ პროცესებისადმი, რომლებიც მაშინ იკრებდნენ ძალას. პრობლემის საფუძველი ის გადაწყვეტილებებია, რომლებსაც 1990-იან წლებში თბილისში იღებდნენ, ხოლო აფხაზეთსა და ცხინვალში ეს მიუღებელი იყო. ამიტომ გაჩნდა კონფლიქტი და შევიყვანეთ მშვიდობისმყოფელები. 2008 წლამდე ნეგატიური პროცესების დაბალანსება ხერხდებოდა",- თქვა მედვედევმა.

მედვედევი ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და სააკაშვილს მეგობრობის და ურთიერთობების დალაგება უნდოდა. თუმცა, ამერიკელ მფარველებთან კონსულტაციების შემდეგ ურთიერთობა სწრაფად გაწყვიტა. 

მედვედევის მტკიცებით, 2008 წლის ომის დაწყებისკენ სააკაშვილს აშშ-მა უბიძგა. მისივე თქმით, 2008 წელს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გადაწყვეტილება მან და ვლადიმირ პუტინმა ერთობლივად მიიღეს.

"ჩვენი მიზანი საქართველოს განადგურება ან სააკაშვილის სიკვდილით დასჯა არ იყო. ჩვენ არ შევიყვანეთ ტანკები თბილისში მას შემდეგ, რაც ქართული ჯარები ცხინვალიდან გავაგდეთ. ამან საშუალება მოგვცა რეგიონში სიტუაცია დაგვერეგულირებინა და ასევე ევროკავშირთან საკმაოდ მშვიდი ურთიერთობა აღგვედგინა" - თქვა მედვედევმა. 

მისი თქმით, რუსეთი საქართველოს ახალ მთავრობასთან ურთიერთობის ასაწყობად მზად არის. 

"იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ საქართველოს სათავეში ფსიქიკურად დაუბალანსებელი ადამიანი იდგა, სხვა ვარიანტი უბრალოდ აღარ იყო. სააკაშვილის კარიერა საქართველოში, სავარაუდოდ, დასრულებულია - რაც ქვეყნისთვის ძალიან კარგია. საქართველოს ახალ მთავრობასთან ჩვენ მზად ვართ ურთიერთობის ასაწყობად",- ამბობს მედვედევი. 

მედვედევმა NATO-ზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსის გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. განსაკუთრებით თუ ეს საქართველოსაც ეხება.

“ნატო-ს დაპირება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, არის უპასუხისმგებლობა. ეს არის მუქარა მშვიდობისთვის. საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს დაურეგულირებელი კონფლიქტი. ასეთი ქვეყანა სამხედრო ბლოკში უნდა მიიღონ? ამან შეიძლება გამოიწვიოს საშინელი კონფლიქტის პროვოცირება. გაუგებარია, ვის უნდა ეს... ჩვენთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებთანაც ვმეგობრობთ და სადაც ჩვენი ბაზებია დისლოცირებული. ამიტომ, იმედი მაქვს, NATO-ში ამას გაიაზრებენ და ამ მიმართულებით არაფერს მოიმოქმედებენ",- ამბობს დიმიტრი მედვედევი. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები