ივანიშვილის ინტერვიუ

პრემიერი: ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ძალიან სწორი აქცენტები

ტაბულა

"ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ძალიან სწორი აქცენტები იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენ დღეს ეკონომიკაში გვაქვს" - საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარისა და ყოფილი პრემიერის ინტერვიუს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. ბახტაძე ამბობს, რომ ჭარბვალიანობა ნამდვილად მნიშვნელოვან გამოწვევდ რჩება, თუმცა მთავრობა მუშაობს ამ მიმართულებით.

"ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ძალიან სწორი აქცენტები იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენ დღეს ეკონომიკაში გვაქვს, ამავე დროს იმ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელსაც მიაღწია საქართველომ ქართული ოცნების მმართველ პარტიად ყოფნის პერიოდში. გამოწვევებზე მე კიდევ ერთხელ მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ დიახ ჭარბვალიანობა რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად, იცით, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და იცით რომ პირველი ნაბიჯები გადავდგით, თუმცა ეს არ არის საკმარისი და უახლოეს მომავალში ჩვენ საზოგადოებას ახალ ინიციატივებს შევთავაზებთ, რომ ამ პრობლემის სიმწვავე მნიშვნელოვნად შემცირდეს ეკონომიკაში და როგორც სისტემური რისკი ის საერთოდ შემცირდეს. ამასთან ერთად, იცით რომ ჩვენ ეროვნულ ბანკთან ერთად დავიწყეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ფინანსურ სექტორში დამკვიდრდეს პასუხიმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, სამართლიანი წესები, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენ გამოვრიცხოთ მომავალში ისეთი ფაქტების მიღება, რომელიც სამწუხაროდ წარსულში ფიქსირდებოდა." - თქვა პრემიერმა. 

მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე გაკეთებული შეფასებების გამო, ოპოზიცია გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი არაკონსტრუქციულები არიან და ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას ცდილობენ.

"მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალზედ კრიტიკული, შეიძლება ითქვას, მთავრობის საქმიანობისადმი, კვლავაც გრძელდება ხელმოცარული და უპერსპექტივო ოპოზიციის მხრიდან პერსონალურად მის მიმართ იერიშების მიტანა. ზოგადად ასეთი თავდასხმები და შეურაცხყოფები არის არაკონსტრუქციული ოპოზიციის ძირითადი ხელწერა. ჩვენ ვერ მოვისმინეთ შინაარსობრივი არგუმენტაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით თუ რაში არ შეიძლება დაეთანხმო ადამიანი იმ მნიშვნელოვან აქცენტებს, რაც გააკეთა პარტიის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში. შესაბამისად, ჩვენს ოპოზიციას დღეს აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ მოხდეს პარტიის თავმჯდომარის პიროვნული დისკრედიტაცია საზოგადოების თვალში, რაც რა თქმა უნდა იქნება წარუმატებელი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებზე ვმუშაობთ. იცით რომ პროგრამა, რომელიც წარვადგინეთ პარლამენტში არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის თითქმის ყველა სექტორს შეეხება ჩვენი ეკონომიკის. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ არგუმენტაცია, მათ შორის კრიტიკაც იმ რეფორმებთან დაკავშირებით რომლებსაც ვახორციელებთ და სამწუხაროდ ჩვენ ამას ვერ ვისმენთ." - თქვა ბახტაძემ. 

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების შემდეგ პირველი ინტერვიუ პირველ არხს მისცა. გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან" ივანიშვილმა თქვა, რომ "ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, პოლიტიკაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა.... ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა."

კომენტარები