პრეზიდენტობის კანდიდატი

კობახიძე: კონკრეტული პარტიების მიმართ ლოიალური პრეზიდენტი აღარ უნდა გვყავდეს

პარლამენტის პრესსამსახური

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის კანდიდატის არჩევისას პარტიის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება არ უნდა იყოს კრიტერიუმი. კობახიძე ამბობს, რომ ქვეყანას აღარ უნდა ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ლოიალური იქნება კონკრეტული პარტიების მიმართ, ისე როგორც ეს იყო გასული ხუთი წლის განმავლობაში.

"უნდა იყოს სისტემის მიმართ და სახელმწიფოს მიმართ ლოიალური დამოკიდებულება და იმ პრინციპების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ეფუძნება. ეს უნდა იყოს კრიტერიუმი და არა რომელიმე პარტიის მიმართ ლოიალობა. გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ გვახსოვს კონკრეტული პარტიების მიმართ ლოიალური პრეზიდენტი. ასეთი პრეზიდენტის გამეორება ჩვენ, ბუნებრივია, არ გვინდა. შესაბამისად, ქართული ოცნების მიმართ ლოიალობა არ იქნება არავითარ შემთხვევაში, ბუნებრივია, კრიტერიუმი. კრიტერიუმი შეიძლება იყოს სხვადასხვა. დაწყებული ასაკით, დამთავრებული გენდერით. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მასკულინურია ჩვენი საპრეზიდენტო კამპანია. ხდება მხოლოდ და მხოლოდ კაცი კანდიდატების წარდგენა. ამ კუთხითაც შეიძლება, რა თქმა უნდა, დაფიქრება. შეიძლება არ იყოს ურიგო ქალი კანდიდატის წარდგენა იმისათვის, რომ კარგი მიმართულებითწარიმართოს ჩვენ ქვეყანაში განვითარების პროცესი. სხვადასხვა კრიტერიუმი იქნება გათვალისწინებული და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას.“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები