შვედეთის დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ხანძრის მასშტაბურობის გამო, შვედეთმა საერთაშორისო დახმარება ითხოვა. ამის შესახებ Independent წერს.
ადგილობრივ მეხანძრეებს ექვსი ქვეყნიდან ჩასული კოლეგები ეხმარებიან. მათ შორის არის იტალია, რომელმაც შვედეთს მასშტაბური ცეცხლის ჩასაქრობად 13 პროფესიონალი და ორი ვერტმფრენი გამოუყო.
მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ნაწილი უკვე გაიყვანეს.
შვედეთში ასეთი ხანძარი ბოლო 12 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. სტიქია ბალტიის ზღვიდან არქტიკულ წრემდე არსებულ ტერიტორიაზეა.
საერთო ჯამში სტიქიამ სამი ათასი ჰექტარი გადაწვა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ხანძარი დამატებით 1 400 ჰექტარ მიწის ნაკვეთს მოედო. ტყის მასივზე ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეები უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის გამო ვერ ახერხებენ. ხანძრის გაჩენის საშიშროება მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს.
ადგილზე ამ დრომდე რჩება სამაშველო სამსახური. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.





